სახალხო დამცველი IDS Borjomi-ს გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამჟამად ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით მუშაობს და მინერალური წყლით ძირითადად ქართულ ბაზარს უზრუნველყოფს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია IDS Borjomi-ს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების ადგილზე გასაცნობად ბორჯომში ჩასვლას გეგმავს, ნათქვამია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი „ლაბორის“ (LABOR) განცხადებაში.

IDS Borjomi-ს თანამშრომლები მეცხრე დღეა ახდენენ N1 და N2 ქარხნების პიკეტირებას. მათი მოთხოვნები უცვლელია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.

გაფიცულთა სოლიდარობის ნიშნად ბორჯომში ჩავიდნენ ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელები, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, ქსნის მინის ტარის ქარხნისა და „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულებმა სამშაბათს გამართული შეხვედრა მას შემდეგ დატოვეს, რაც კომპანიის ხელმძღვანელობამ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის განხილვა არ მოისურვა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
IDS Borjomi-მა 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
6 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და საკითხი მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე გავა – სახელმწიფო IDS Borjomi-ს აქციონერი, თანამფლობელი გახდება და ამით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
ყველა ახალი ამბავი
0