ქართული დიასპორის დღე: ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში გაიხსნა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა. შეკრებილთა წინაშე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმის გახსნის შემდეგ დაგეგმილია თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე.

თემატური პანელი „ქართული ენის კონფერენციის“ ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.

პანელზე „ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებს, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზებს.
თემატური პანელი „კულტურული დიპლომატიის" ფარგლებში, რომელსაც მოდერაციას გაუწევს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა ციცაგი, ყურადღება დაეთმობა კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს, აგრეთვე ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილს.
პანელზე „ციფრული დიასპორა" სპიკერები განიხილავენ იმ ინოვაციურ მიდგომებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან სტაბილური თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია.
საუბარი შეეხება სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების, დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში. პანელს მოდერაციას გაუწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ეკა მოდებაძე.
ღონისძიების ფარგლებში დიასპორული პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეთათვის გაიმართება ტრენინგი ციფრული კომუნიკაციების შესახებ.
დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
ყველა ახალი ამბავი
0