პრემიერი: დიასპორის წარმომადგენლები ქართული პასპოტის აღებას მარტივად შეძლებენ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ღარიბაშვილის აზრით, დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას იმავე საფასურით უნდა ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის ქართული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გააკეთა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელიც თბილისში დღეს, 27 მაისს გაიხსნა.
ღარიბაშვილის თქმით, მან იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად ერთი კონკრეტული მაგალითი განიხილა, როდესაც დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში ყოფნისას შეეცადა ქართული პასპორტის აღებას, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

„ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ ბრეგაძეს. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა. სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში წარდგება. და ჩვენ ყველა ამ ხელოვნურად შექმნილ ბარიერს მოვხსნით, რათა დიასპორის წარმომადგენელს ძალიან მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას კარგად ესმის დიასპორის წარმომადგენლების განცდები. როგორც მან განმარტა, საფრანგეთში სწავლის პერიოდში თავად გამოსცადა, თუ რას ნიშნავს სამშობლოსგან შორს ყოფნა. ამიტომაც კარგად ესმის ის სირთულეები, რასაც აწყდებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.
„რატომ იყო, მაგალითად, წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 დოლარი? თუ არ ვცდები, ამ დროს საქართველოში მისი ფასი ორჯერ–სამჯერ უფრო ნაკლები იყო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მოცემული ტარიფი გათანაბრდება.
ქართული დიასპორის დღე: ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა>>>
გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ არავითარი დაყოფა და განსხვავება არ უნდა არსებობდეს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ესმის, რომ ზოგიერთ მოქალაქეს ქვეყნის დატოვება მოუწია, თუმცა მათი გულები სამშობლოსთვის ძგერს.
„წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მოუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ქართულ პოლიტიკაში დიასპორის წარმომადგენლების ჩართვის თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი და ის ფაქტი, რომ საქართველომ პრეზიდენტად ის აირჩია, ერთგვარად სიმბოლურია.
ყველა ახალი ამბავი
0