პირველი ქართველი ქალი-გენერალი: ამბავი თამილა აყიშვილისა

© Pixabay / Oregongalსამხედრო პატივი
სამხედრო პატივი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
თამილა აყიშვილი ჯარში 1915 წელს ჩარიცხულა — მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილს თავი გადაუპარსავს, რომ მისი სქესი ვერ გაეგოთ...
პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის ისტორია, პრაქტიკულად, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის ერთი დიდი ბრძოლაა, რომელიც 1918-21 წლებში შეუსვენებლად მიმდინარეობდა. სამხრეთიდან თურქები და სომეხი დაშნაკები არ გვასვენებდნენ, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანელი მუსავატები, სამაჩაბლოში ოსები აქტიურობდნენ, დარიალთან და აფხაზეთთან რუსები ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს...

და ეს მომენტიც დადგა — ყველამ ერთად შემოუტია ახალგაზრდა რესპუბლიკას. ამას დაუმატეთ ქვეყნის შიგნით ქართველ ბოლშევიკთა არცთუ მცირე რაოდენობა და გასაგები გახდება, რატომაც ვერ მოხერხდა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ბოლშევიკები ვახსენე და უნდა ვთქვა: მართალია, მსოფლიოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური უთანხმოების გამო ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს სამშობლოსთვის უღალატია და მტრის მხარეზე გადასულა, მაგრამ ამათ – ბოლშევიკებმა ყველა გააოცეს. ჯერ იყო და, პირველ მსოფლიო ომში რუსმა ბოლშევიკებმა ლამის მთელი არმია აუჯანყეს საკუთარ ქვეყანას, მერე მათმა ქართველმა თანამოაზრეებმა „ივაჟკაცეს“.

მოკლედ, საკუთარი სამშობლოს ღალატი ბოლშევიკთა საფირმო ნიშნად იქცა. თუმცა ეს საკითხი არ გახლავთ დღევანდელი საუბრის თემა.

თითქმის ოთხწლიანი ომისას ქართველთა შორის გამოჩნდნენ ნიჭიერი მხედართმთავრები, რომელთა გმირობისა და თავდადების საოცარი მაგალითები ისტორიამ შემოგვინახა. მაგალითად, გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, რევაზ მუხრანბატონი, არტემ ჯიჯიხია და ბევრიც სხვა.
მაგრამ დღეს გიამბობთ პირველ ქართველ ქალ გენერალზე, რომლის შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია მოიძევება. არსებობს მისი ფოტოც, თუმცა, ზოგი მოსაზრებით, ფოტოზე გამოსახული ქალი სხვა პიროვნებაა.

თამილა აყიშვილი 1895 წელს დაბადებულა. ეს ნაკლებად ცნობილი გვარი XIII საუკუნიდან მოიხსენიება ქართულ საისტორიო წყაროებში და, უმეტესწილად – ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის. თამილა აყიშვილი რუსეთის იმპერიის ჯარში ჩარიცხულა 1915 წელს — მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილს თავი გადაუპარსავს, რომ მისი სქესი ვერ გაეგოთ.

თავდაპირველად სანიტრად მსახურობდა და ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა. ამისთვის დაუჯილდოვებიათ კიდეც — გენერალ ნიკოლაი დუხონინს საგანგებო პატაკში მოუხსენებია, რომ სანიტარს ერთ დღეს 50 დაჭრილის გადარჩენა მოუხერხებია.

ორიოდ წელში უკვე კაპიტნის წოდება მიუნიჭებიათ აყიშვილისთვის, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ქართულ ჯარში დაუწყია სამსახური გენერალ მაზნიაშვილთან.
აფხაზური კამპანიისას მეტად გამოუჩენია თავი – პირადად უმეთაურა სამ ბატალიონს და გაგრა დაიკავა. მაზნიაშვილმა კარგად დაინახა 23 წლის თამილას სამხედრო ნიჭიერება, მისივე გათავისუფლებული გაგრის კომენდანტად დაინიშნა და ნოე ჟორდანიასთანაც გაუწია რეკომენდაცია მისთვის გენერლის წოდების მინიჭების მოთხოვნით. მაზნიაშვილი, თურმე, ხუმრობით დალის ეძახდა მას, ნადირობის ქალღმერთის ანალოგიით. მოგვიანებით ყველას აუტაცებია ეს სახელი.

აჭარაში შემოჭრილ თურქებთან ომისას კიდევ ერთხელ გამოუჩენია თავი თამილა აყიშვილს, როდესაც ქობულეთთან ორი ასეულით ოსმალთა მთელ კორპუსს დაახევინა უკან. სომეხ დაშნაკებთან ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მაშინ ჭრილობას იშუშებდა.

1921 წელს სამხედრო საბჭოს წევრი გამხდარა. ეს ის დროა, როდესაც რუსეთიდან წამოსული საფრთხის გამო სამხედრო სამსახურში დააბრუნეს მანამდე „რატომღაც“ შერისხული ორი უწარჩინებულესი გენერალი — მაზნიაშვილი და კვინიტაძე. ერთ-ერთი სხდომისას თამილას ურჩევია საბჭოსთვის, არ შეიძლება რუსებისთვის აზერბაიჯანის დანებება, რადგან ჩვენზე შეტევისთვის ჩინებული პლაცდარმი შეექმნებათო, მაგრამ ნოე ჟორდანიას დაუჟინია და ეს გეგმა არ მიუღიათ.
თბილისის ალყისას გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად ქალაქის მარცხენა ფლანგს იცავდა, რომლის გარღვევაც რუსმა ბოლშევიკებმა ბოლომდე ვერ შეძლეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, ემიგრაციაში წასვლის ნაცვლად, პარტიზანული ბრძოლა გაუგრძელებია. მიუვალ ტყეებში გამაგრებულა მისი რაზმი, თურმე მოსვენებას არ აძლევდა მტერს.
ის კი არა, ქალებისგან მზვერავთა რაზმი ჩამოუყალიბებია და მათი მეშვეობით მოწინააღმდეგეზე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ყოფილა.
1924 წელს თამილა აყიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებს შეუერთდა და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. სამშობლო არც ქაქუცას მარცხის მერე დატოვა, ისევ საქართველოს ტყეებს შეაფარა თავი...

ამის შემდეგ პირველი ქართველი გენერალი ქალის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ერთი საარქივო დოკუმენტით, 1926 წელს ყაზბეგის მიდამოებში შეუნიშნავთ იგი. შემდგომი ბედი კი უცნობია, არც ვინმეს მემუარებში და არც საბჭოთა საარქივო მასალებში თამილა აყიშვილზე არანაირი ცნობა აღარ მოიპოვება...
ყველა ახალი ამბავი
0