პესკოვი: რუსეთი არ აპირებს ცხინვალის შესაერთებლად ნაბიჯების გადადგმას

© photo: Sputnik / Pavel Bednyakovდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესაერთებლად“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზე საუბრისას.

„მე უკვე ვისაუბრე ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ საქმეში და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარეს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც აპირებს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

როგორც პესკოვმა განაცხადა, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე საკითხი „იურიდიულად უნდა დაიხვეწოს“. მისი აზრით, სარეფერენდუმო კითხვა არასწორადაა ჩამოყალიბებული, რამაც შესაძლოა მესამე სახელმწიფოს შექმნის შთაბეჭდილება დატოვოს.
„თუ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, საჭიროა მისი იურიდიულად დამუშავება. რეფერენდუმის საკითხია „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანება“, თითქოს მესამე სახელმწიფოს შექმნაზე იყოს საუბარი. ფორმულირებაზე იურიდიულად დაფიქრებაა საჭირო. ვიმეორებ: რუსეთის მიერ ამ მხრივ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“, — განმარტა პესკოვმა ბრიფინგზე.
ამასთან, მან ცალე აღნიშნა, რომ რუსეთს არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.
რუსეთთან შეერთების განზრახვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტმა (აპრილის არჩევნებში ის თანამდებობაზე ალან გაგლოევმა შეცვალა) ანატოლი ბიბილოვმა მარტის ბოლოს გამოაცხადა. მან ჩრდილოეთ ოსეთთან ერთ რეგიონად გაერთიანების წინადადება წამოაყენა. ამ იდეას თბილისი უარყოფითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეფერენდუმს არ ცნობს.
ყველა ახალი ამბავი
0