აბაშიძე კარასინთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
პანდემიის პირობებში აბაშიძესა და კარასინს შორის კონტაქტები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო–რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება გახდა.
ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთს შორის, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსია“.

„შევეხეთ ყაზბეგი–ლარსის საზღვარზე არსებულ ვითარებას. იქ დიდი რაოდენობის სატვირთო ტრანსპორტი დაგროვდა, მათ შორის, სომხეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან. საქმე ისაა, რომ სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც საზღვრის რუსულ მხარეს მიმდინარეობს, გამტარუნარიანობის პრობლემები შეიქმნა“, – განუცხადა აბაშიძემ „Sputnik–საქართველოს“.

მისი თქმით, საუბრისას გრიგორი კარასინმა პირობა დადო, რომ ამ კუთხით რაიმე სახის ზომებს გაატარებს.
„ავიარეისების აღდგენის საკითხზე არ გვიმსჯელია“, – განაცხადა აბაშიძემ.
მანამდე კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებს. მისი თქმით, პანდემიამდე ამ საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს იყვნენ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა, როდესაც რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აჟიოტაჟი და საპტროტესტო ტალღა მოჰყვა.
რაც შეეხება აბაშიძისა და კარასინის მოლაპარაკებებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მათ შორის კონტაქტები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებს – კარასინი>>
„მორიგი შეხვედრა არ იგეგმება. მიგვაჩნია, რომ ახლა ამის დრო არ არის“, – აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0