პრემიერისა და პატრიარქის შეხვედრა სააკაშვილს შეეხებოდა? საპატრიარქოს განმარტება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
საპატრიარქო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი უშუალოდ პატრიარქთან გადაწყდა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა არ შეეხებოდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თითქოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი უწმინდესისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრაზე გადაწყდა.

„საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი", – ნათქვამია განცხადებაში.

მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, 12 მაისს გადაიყვანეს.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ერთხმად აცხადებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ მისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სახალხო დამცველთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის ექიმების თქმით, სააკაშვილი ამჟამად კატაბოლურ მდგომარეობაშია. ცილოვანი შიმშილის ფონზე ექს-პრეზიდენტს კუნთოვანი მასა დაუქვეითდა და დასუსტდა. მიზეზი, ექიმების აზრით, შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული აშლილობა – დეპრესია და ანორექსია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0