ლომჯარია: სახელმწიფოს უმოქმედობა ლგბტ პირებს დაუცველს ტოვებს ძალადობის პირისპირ

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტქი+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დღეს ხშირია შეტაკებები ლგბტ პირთა უფლებების დამცველებსა და რადიკალურ დაჯგუფებებს შორის. ამავე დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, რომელიც 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა.

„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტქი+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტქი+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს მოუწოდებს, ეფექტიანი პრევენციული და დროული რეაგირება მოახდინონ ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე.
მისი თქმით, მიუხედავად წლების განმავლობაში ლგბტ+ თემის ხილვადობის გაზრდისა და საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობების შემცირებისა, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა.
„უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტქი+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.
დიპმისიები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად>>>
ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს.
ლომჯარია 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცველებმა ვერ აღკვეთეს, რის გამოც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა.
ტრაგიკული მოვლენები დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა. იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
პირველი განაჩენი საქმეზე 17 მარტს გამოცხადდა. ამ დროისათვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 21 ადამიანი, აქედან 20 პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა.
ყველა ახალი ამბავი
0