დიპმისიები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად

© photo: Sputnikდაპირისპირება საქართველოს პარლამენტის წინ 2021 წლის 6 ივლისს. დუმილის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ლგბტ დროშა უჭირავს
დაპირისპირება საქართველოს პარლამენტის წინ 2021 წლის 6 ივლისს. დუმილის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ლგბტ დროშა უჭირავს - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, განაცხადეს დასავლელმა დიპლომატებმა
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება, ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლობები, ასევე 28 საელჩო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები აწერენ ხელს.
17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დღეს ხშირია შეტაკებები ლგბტ პირთა უფლებების დამცველებსა და რადიკალურ დაჯგუფებებს შორის. ამავე დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, რომელიც 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა.
„ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს, ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ.
„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა, ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT (International Day Against Homophobia, Biphobia and Transphobia - რედ.), მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე დროს განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას.
„ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს მის ყველა წევრს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერთა შორის არიან ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ხორვატიის საელჩოები.
ტრაგიკული მოვლენები დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა. იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
პირველი განაჩენი საქმეზე 17 მარტს გამოცხადდა. ამ დროისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 21 ადამიანი, აქედან 20 პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა.
წყარო - საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა
ყველა ახალი ამბავი
0