ქვემო ქართლის გზების შეკეთებაზე 70 მლნ ლარი დაიხარჯება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსამშენებლო ტექნიკა - ბულდოზერი და თვითმცლელი, ყაზბეგის რაიონში
სამშენებლო ტექნიკა - ბულდოზერი და თვითმცლელი, ყაზბეგის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო საფარის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას
თბილისი, 30 აპრილი— Sputnik. ქვემო ქართლში 85 კმ-მდე გზის რეაბილიტაციაზე 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყება რეგიონში სულ 14 პროექტს ახორციელებს.
აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას. პროექტის ღირებულება 8,7 მილიონი ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება, ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოები მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იან საავტომობილო გზაზეც. ეს არის გზა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთის და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს.
ამასთანავე, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა და ამ გზით ერთმანეთს უმოკლესი მანძილით უკავშირდება ქალაქი რუსთავი და ქალაქი მარნეული.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. გზა ერთმანეთთან აკავშირებს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს. პროექტის ღირებულება 4,1 მლნ ლარია.
საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 14 კმ-ის რეაბილიტაცია ორ პროექტად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთები მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მდებარეობს და გაივლის სოფლებს: ყიზილ-აჯოლს, ფარიზს და ცურტავს. პროექტების ჯამური ღირებულება 10,2 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო საფარის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების გარდა, ქვემო ქართლში, გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის პერიოდში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაზიანებული გზების აღდგენა-შეკეთება.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების გარდა, ქვემო ქართლში, გზების მოვლა-შენახვის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ზამთრის პერიოდში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაზიანებული გზების აღდგენა-შეკეთება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0