მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როგორ ჟღერს ბაქტერია? მეცნიერებმა ნაწლავის ჩხირის საუნდტრეკი ჩაწერეს - ვიდეო

© Pixabay / geraltბაქტერია
ბაქტერია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ბაქტერიები ბგერებს გამოსცემენ და მათი ხმის მოსმენა შესაძლებელია, აცხადებენ ნიდერლანდის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Nanotechnology.
მეცნიერების განმარტებით, როდესაც ბაქტერია იღუპება (ანტიბიოტიკის გავლენით — თუ მის მიმართ მედეგი არ არის), ის ბგერების გამოცემას წყვეტს. ამ დასკვნამდე ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც გრაფენის გამოყენებით შეძლეს ერთი ბაქტერიის დაბალი დონის ხმაურის დაფიქსირება.
როგორც ირკვევა, კვლევის ხელმძღვანელი ფარბოდ ალიჯანი და მისი კოლეგები გრაფენის ფიზიკური მექანიკის საფუძვლებს სწავლობდნენ, როდესაც მათ საინტერესო კითხვა გაუჩნდათ: რა მოხდება, თუ გრაფენი — ეს უკიდურესად მგრძნობიარე მასალა, ბიოლოგიურ ობიექტთან შევა კონტაქტში?

„გრაფენი — ეს გრაფიტის მოდიფიკაციაა, ის ნახშირბადის ატომების ფენისგან შედგება, რომლის სისქეც მხოლოდ ერთი ატომია. მას ასევე უწოდებენ სასწაულებრივ მასალას, რომელსაც აქვს კარგი ელექტრული და მექანიკური თვისებები, და ასევე ძალიან მგრძნობიარეა გარე ძალების მიმართ“, — განმარტავს ალიჯანი.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიაზე ჩაეტარებინათ, რათა კითხვაზე პასუხი მიეღოთ.
„ეს დაუჯერებელი იყო! როდესაც ბაქტერია გრაფენს შეეხო, მან შემთხვევითი ვიბრაციები წარმოქმნა რამდენიმე ნანომეტრის ამპლიტუდით. და ჩვენ შევძელით ბაქტერიის ხმის მოსმენა“, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი.
კვლევის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიები ბგერების გამოცემას პრეპარატის გავლენითაც კი არ წყვეტენ. ხოლო თუ ანტიბიოტიკი ბაქტერიებს კლავს, მაშინ ვიბრაციები ჯერ მცირდება რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი მთლიანად ქრება.
პროფესორ ალიჯანის თქმით, ახლა მკვლევართა ჯგუფი ცდილობს გააუმჯობესოს ტექნოლოგია, რათა მედიკოსებმა გრაფენი სხვადასხვა ბაქტერიებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის სწრაფად გამოსავლენად გამოიყენონ.
ყველა ახალი ამბავი
0