1995 წელს ირანში გატანილი ოთხი ექსპონატი საქართველოში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული გალერეა
საქართველოს ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
ხელოვნების მუზეუმიდან და ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმებისთვის მათი დაბრუნება ერთი წლის წინ დაიწყო.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ოთხი ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ექსპონატების საქართველოში დაბრუნება საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ჩახვაშვილის აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით მოხდა.
უწყებიც ცნობით, ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა წლების წინ ქვეყნიდან გატანილი ნახატები: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 1995 წელს გატანილი 15 ექსპონატის შესახებ არც საქართველოს ეროვნულ გალერეას და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს 2012 წლამდე არ მოუმართავთ. მოცემული ექსპონატების შეკრება პირველად განახორციელა ირანში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ 2012 წელს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლებში) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი დაბრუნება.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2021 წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო.
ასევე 2021 წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო.
გარდა ამისა, 2021 წლის ნოემბერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0