თბილისსა და რეგიონებში 600-მდე უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 590 უკრაინელი ბავშვი სწავლობს, მათ შორის, 140 მოსწავლე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზეა ჩარიცხული, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონების მიხედვით საჯარო და კერძო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეების რაოდენობა: თბილისი – 284; აჭარა – 213; ქვემო ქართლი – 31; იმერეთი – 23; სამეგრელო–ზემო სვანეთი – 12; სამცხე-ჯავახეთი – 9; შიდა ქართლი – 7; კახეთი – 6; გურია – 4 ; რაჭა-ლეჩხუმი – 1.
უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასაც უწევენ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული სამსახურის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
მაგრამ აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და მათ გამარტივებული წესით შეუძლიათ საქართველოში სწავლის გაგრძელება.
ყველა ახალი ამბავი
0