ხვიჩა კვარაცხელია ჩვენს სიაში მოწინავე ადგილს იკავებს - „ნაპოლის“ დირექტორი

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, მისი ანაზღაურება კი ყოველწლიურად 1,5 მილიონი ევრო იქნება.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ „ნაპოლიში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. გავრცელებულ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბის დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ინტერვიუც ადასტურებს, რომელიც მან Radio Kiss Kiss Napoli-სთან ჩაწერა.
იტალიურ მასმედიაში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა „ნაპოლისთან“ ტრანსფერის ყველა საჭირო დეტალი უკვე მოაგვარა და ფეხბურთელი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება (იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად ზაფხულში იხსნება).
გამოცემა Corriere dello Sport-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ კვარაცხელია თვის დასაწყისში „ნაპოლის" ბაზას „საიდუმლოდ“ ესტუმრა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
კრისტიანო ჯუნტოლიმ ქართველი და იტალიელი გულშემატკივრის მოლოდინები კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაამყარა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა შემტევი კლუბის ინტერესებში ნამდვილად შედის და სატრანსფერო სიაში მოწინავე ადგილსაც იკავებს.

„კვარაცხელია ჩვენს სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, ის ნაპოლიში" სათამაშოდ საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს: ტექნიკურია, ძვირი არ ღირს, ფიზიკურად და მენტალურად მზადაა. ჩვენ მის ნეაპოლში ჩამოყვანას ვეცდებით“, – განაცხადა კრისტიანო ჯუნტოლიმ.

მასმედიაში გავრცელებული ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო იქნება.
ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ასევე დაადასტურა იტალიაში ერთ-ერთმა გავლენიანმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ. მან სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ გადასვლა დროის ამბავია.
კონტრაქტი შეწყდა! - კვარაცხელიას ტრანსფერით „რუბინი“ ვეღარ „გამდიდრდება“>>
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე იტალიურ კლუბს დატოვებს მარცხენაფლანგელი ლორენცო ინსინიე, რომელიც კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინსინიე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და ნეაპოლურ კლუბში მნიშვნელოვანი ფიგურაა. გამომდინარე აქედან, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართველ შემტევს იტალიელები ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მოიაზრებენ.
მარტის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ რიგები დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. კვარაცხელიამ ბათუმური კლუბის რიგებში უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლებით თავი ჯერ არ გამოუჩენია.
ყველა ახალი ამბავი
0