მიხეილ ჩხენკელმა პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩების“ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩების“ კურსდამთავრებულები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩების“ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრმა პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები პირადად გადასცა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიმართულებით პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი და ქართული, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა, ღირსეულად წარმოვაჩინოთ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

მისი თქმით, „სახელმწიფო ენის ელჩები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის უპრეცედენტო პროგრამაა. აღნიშნული ინიციატივა კი ქართული ენის შესწავლის კუთხით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერას ემსახურება, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლებას უზრუნველყოფენ, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების დაძლევაში ეხმარება.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა „სახელმწიფო ენის ელჩები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში წინასწარი რეგისტრაციისა და კონკურსის გავლის შედეგად თბილისიდან, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან შეირჩა 20 ტრენერი, რომლებმაც 6-თვიანი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გადამზადება გაიარეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში.
საქართველოს განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
საქართველოში სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება
დღეს ქართული ენის დღე აღინიშნება, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 44 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0