მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაცია 14 აპრილს დასრულდება

© courtesy of NAEC Georgiaსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 14 აპრილს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც 29 მარტს დაიწყო, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge მხოლოდ ელექტრონული სახით მიმდინარეობს.
2022 წელს მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ:
საგნის გამოცდა;
სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა;
პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა>>>
რაც შეეხება საგნის გამოცდას, მასში მონაწილეობის მიღება არ არის შეზღუდული. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული; ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები.
უწყების ცნობით, წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა.
საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია კი უფასოა.
საქართველოში სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლებისთვის 2011 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ის ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი სავალდებულო გახდა.
საქართველოს სკოლებში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი მუშაობს. აქედან 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია.
ყველა ახალი ამბავი
0