„ლა ლიგის“ შემტევების კოშმარი“ - გიორგი მამარდაშვილზე მთელი ესპანეთი ალაპარაკდა

© courtesy of FC Locomotive Tbilisiგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლა ლიგის“ 31-ე ტურში „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა, ქართველი მეკარე კი სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანური „ვალენსიის“ რიგებში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
„ღამურები“ „ლა ლიგის“ 31-ე ტურში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს. „ვალენსია“ 57-ე წუთზე კარლოს სოლერის დარტყმით წინ გავიდა, გიორგი მამარდაშვილმა კი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე გაუშვა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „რაიო ვალეკანოს“ შემტევმა სერხი გვარდიოლამ ქართველ გოლკიპერს შესანიშნავად დაურტყა და ამით მამარდაშვილის 570-წუთიანი „მშრალი" სერია შეწყვიტა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, გიორგი მამარდაშვილი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ორი ურთულესი სეივიც განახორციელა. ქართველი მეკარის თამაშით კმაყოფილი დარჩა „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასიც, რომელმაც მამარდაშვილი კიდევ ერთხელ გამოარჩია.

„გიორგი დიდებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაუშვა, მაღალ დონეზე ითამაშა. გაშვებულ გოლში მთელ გუნდს მიუძღვის ბრალი, შეტევაში ვიყავით, ბურთი დავკარგეთ და კონტრშეტევაზე მცველების ზურგს უკან სივრცე ვერ შევზღუდეთ. ბიჭებსაც ვუთხარი, რომ იმ მომენტში უფრო მეტი სიზუსტით უნდა გვეთამაშა“, – განაცხადა ბორდალასმა.

ქართველი მეკარის თამაში არც ესპანური მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილა. გამოცემებმა AS და MARCA გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშზე დაწერეს და საუკეთესო შეფასებაც მისცეს.
„ისი პალაზონს დღეს კოშმარები დაესიზმრება, რისი მიზეზიც გიორგი მამარდაშვილია. ბოლო მატჩებია ის ყველაფერს იგერიებს და ასე იყო ამჯერადაც, როდესაც რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელის ორი დიდებული დარტყმა მოიგერია“, – წერს გამოცემა AS.
გიორგი მამარდაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არც MARCA-ში დაიშურეს. გამოცემა წერს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი მეკარე იყო და რომ არა ის, „რაიო ვალეკანო“ შეხვედრას მოიგებდა.
„გიორგი მამარდაშვილი მინდორზე აშკარად საუკეთესო იყო. რომ არა ის, რაიო ვალეკანო გაცილებით მეტს მიაღწევდა. ისის მეორე გასროლაც ჰქონდა და ქართველი გიგანტი მასაც გაუმკლავდა. თუმცა მანაც ვერაფერი მოახერხა, როდესაც გვარდიოლამ კუთხეში ოსტატურად დაარტყა“, – აღნიშნულია სტატიაში.
„ვალენსიას“ ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 6 თამაშია არ წაუგია და 31 მატჩში 42 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. მომდევნო თამაშს „ღამურები“ 16 აპრილს „ოსასუნასთან" ჩაატარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0