პუტკუნა და საყვარელი: იცოდეთ, რა საფრთხეები ახლავს ბავშვის სიმსუქნეს

© Pixabay / esudroffბავშვი თვალებზე ჩამოფხატული ქუდით
ბავშვი თვალებზე ჩამოფხატული ქუდით - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
დაკვირვებიხართ, რა ემოციები ეუფლებათ ადამიანებს პუტკუნა ჩვილის დანახვისას?
„რა საყვარელია“, — ხმა უტკბებათ დედებს, „ყველას მოერევა“, — ამაყობენ მამები, „კარგი მადა აქვს“, — უხარიათ ბებიებს, „მამამისიც ასე იყო“, — იხსენებენ ბაბუები, „რას აჭმევთ?“ — კითხულობენ მეზობლები...
და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ დაფიქრდება, რომ ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს.
ჭარბი წონის საკითხი საკმაოდ ხშირად ისმება პედიატრიულ პრაქტიკაში. სტატისტიკაც საკმაოდ საყურადღებოა.

ჯანმოს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ჭარბწონიანთა წილი 60%-ით გაიზარდა. ანუ ზედმეტი წონისა და სიმსუქნის პრობლემა სულ უფრო და უფრო საყურადღებო ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ.
უპირველესად განვმარტავთ, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა სხვადასხვა ცნებებია. ისინი სპეციალური ცხრილებითა და სხვადასხვა მეთოდებით გამოითვლება სხვადასხვა ასაკისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი ცხრილები ყველა ექიმს აქვს და სწორედ ისინი შეაფასებენ თქვენი შვილის მდგომარეობას.
ამგვარი შეფასებისას ერთმანეთს ადარებენ არა მხოლოდ წონასა და სიმაღლეს, არამედ ითვალისწინებენ ზრდის ტემპსა და სქესსაც.
ალერგია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
ალერგია ბავშვებში: ასაკობრივი თავისებურებები და სიმპტომები
ამასთან ბავშვის იდეალური წონა არ არის უნიკალური და აბსოლუტური. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, თუ თქვენი შვილის წონა ზუსტად არ ემთხვევა სტანდარტულ ციფრებს. თუმცა ყურადღებით კი უნდა იყოთ. მიმართეთ პედიატრს, ან მისი რეკომენდაციით კონსულტაციები გაიარეთ სხვა სპეციალისტებთან.
რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ: სასტიკად აკრძალულია დიეტების თვითნებური გამოყენება, ინტერნეტში მოძიებული „ექსპერტების“ რჩევების ბრმად გადაღება და გათვალისწინება.
ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში სხვადასხვაა, თუმცა ყველაზე გავრცელებულია სამი:
ზედმეტი კვება,
დაუბალანსებელი რაციონი,
არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.
უფრო მოზრდილ ბავშვებში ამას ემატება:
გაჯეტებზე დამოკიდებულება,
ენდოკრინული (ჰორმონული) ცვლილებები,
ზოგჯერ ალერგია,
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები,
ნევროლოგიური პრობლემები,
ფსიქიკური ტრავმა.
ყველა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია გენეტიკური და ოჯახური (კვების თავისებურებები) ფაქტორები.
ბავშვებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის მთავარი პრობლემა არის არა მხოლოდ ის, რომ მშობელს შესაძლოა მასთან ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს, არამედ ის, რომ შეიძლება გამოიწვიოს:
ჰიპერტენზია,
დიაბეტი,
მაღალი ქოლესტერინი,
ასთმა,
ძილის დარღვევები,
სქესობრივი მომწიფების პრობლემები,
ღვიძლისა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების რისკი.
ფეხშიშველი ბავშვი და ძირს დაყრილი მაკარონი  - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
სენსორული შიმშილი ბავშვებში: რატომ ყრიან პატარები ყველაფერს ძირს
და ეს რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სოციალურ შედეგებზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს სიმსუქნეს ბავშვისთვის:
დაბალი თვითშეფასება,
ბულინგი,
კომუნიკაბელურობის პრობლემები,
დეპრესია,
სირთულეები სკოლასა და სპორტულ ცხოვრებაში.
შესაბამისად, მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ თავიდან ააცილოს შვილს მსგავსი გართულებები.
ერთი, რითაც შეიძლება დაგამშვიდოთ, ისაა, რომ ბავშვებისთვის წონის დაკლება უფრო მარტივია, ვიდრე მოზრდილებისთვის. თუმცა საამისოდ საჭიროა მიზეზების კარგად გამოკვლევა, პროფესიონალი ექიმების ჩართულობა, ბალანსირებული კვება, შესაფერისი ფიზიკური აქტივობა და, რაც მთავარია, მოტივაციისთვის სწორი ფსიქოლოგიური გასაღების მოძებნა.

არ დაგავიწყდეთ: ოჯახი უნდა შეთანხმდეს და იმოქმედოს ერთიანი პრინციპებით. დაუშვებელია, რომ დედამ ჯანსაღი კვების პროპაგანდა დაიწყოს, მამას კი ყოველ საღამოს შაურმა ან შოკოლადის კარაქი მიჰქონდეს შინ.

ჩემი მეგობარი ექიმები მეუბნებიან, რომ დღეს უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად მოზარდს მიჰყავს მშობლები ექიმთან, რათა სიმსუქნესთან გონივრული ბრძოლა დაიწყოს. ამიტომაც მშობლებს ევალებათ თავიდანვე იფიქრონ ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენციაზე, მის თავიდან აცილებაზე, რათა მომავალში მის მკურნალობაზე ზრუნვა არ მოუხდეთ.

რამდენიმე რჩევა ბავშვებში სიმსუქნე/ჭარბი წონის პრევენციისთვის:

ხელი შეუწყვეთ ბუნებრივ კვებას. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად, ძუძუთი კვება წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს;
აკონტროლეთ საკვების რაოდენობა დამატებითი, ან ხელოვნური კვების შემთხვევაში. გადაჭარბებული კვება განსაკუთრებით საფრთხილოა მოუწესრიგებელი რეჟიმის ან ღამით კვების დროს;
თავიდან აარიდეთ ბავშვს ჰიპოდინამია (კუნთების სისუსტე, მოძრაობის უნარის დაქვეითება), წაახალისეთ მისი ფიზიკური აქტივობები, რათა მიღებული საკვების ენერგეტიკული ღირებულება არ აჭარბებდეს დახარჯულ ენერგეტიკულ მაჩვენებელს;
რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ ზრუნვა ბავშვისთვის სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაზე. შესთავაზეთ ბავშვს მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი;
ტრადიციად აქციეთ ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა მთელი ოჯახისთვის;
დართეთ ბავშვს ნება, თავისი წვლილი შეიტანოს ჯანსაღი საკვების დაგეგმვასა და მომზადებაში;
მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება. ნუ იფიქრებთ, რომ უშეცდომო ექსპერტები ხართ კვების საკითხებში და ნუ ეცდებით ყოველთვის ბავშვის მაგივრად გადაწყვიტოთ, რა მიირთვას.
ბავშვი შოკოლადის კექსით - Sputnik საქართველო
არ ვამბობთ, რომ ფასტფუდის, გაზიანი სასმელების და ტკბილეულის უზომო მიღება უნდა წაახალისოთ!

უბრალოდ ჩართეთ ფანტაზია და იგივე პროდუქტებით თავად მოამზადეთ მსგავსი საკვები.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოსტნეულის მიღებას. მაგალითად:

კლასიკურ კოტლეტებთან ერთად მოამზადეთ ბოსტნეულის კოტლეტები — ბავშვი მას ხალისით მიირთმევს.

მოამზადეთ შაურმა ლავაშის ნაჭერში გახვეული ქათმის ხორცითა და გახეხილი ბოსტნეულით — მსუბუქ სოუსთან ერთად;

მზა ჰამბურგერის ნაცვლად მოუმზადეთ ბავშვს ცეხვილი ფქვილით გამომცხვარი ფუნთუშა ახალი ხორცითა და სალათის ფურცლებით.

ნაცვლად მზა წვენისა, გათალეთ და დაუჭერით ბავშვს ვაშლი, გარგარი ან სხვა ხილი.

ბავშვთან ერთად შეადგინეთ კვების დღიური, სადაც ჩაწერთ ყველა პროდუქტს, კერძსა და სასუსნავს. მერე ბავშვთან ერთად შეადგინეთ მენიუები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ინგრედიენტი, მათი საკვები ღირებულება, მომზადების წესი, ჯერადობა და სხვა პარამეტრები. თუ ბავშვის ჭარბი წონის გამო საჭირო იქნება, წადით დიეტოლოგთან. ასეთი დღიური ძალიან გამოგადგებათ;
ნუ დააჯილდოებთ ბავშვს კარგი საქციელისთვის ტკბილეულით, არ აღკვეთოთ მისი ცელქობა კანფეტებით. მაგრამ ნურც იმას ეცდებით, რომ ტკბილეული სრულიად აკრძალოთ. კვების შემდეგ რეკომენდებულია, რომ ბავშვმა დესერტი დააყოლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეცდება, რომ ეძებოს ტკბილეული და სხვა სახით მიიღოს გლუკოზა, რადგან ის აუცილებელია სრულყოფილი კვებისთვის;
ნუ მოსთხოვთ ბავშვს კატეგორიულად, რომ კერძი ბოლომდე შეჭამოს, მაგრამ მიაჩვიეთ რეჟიმს: თუ სადილს სრულყოფილად არ მიირთმევს, უნდა იცოდეს, რომ შემდეგი კვება ვახშმისას მოუწევს, ანუ დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ნუ წაახალისებთ კვებებს შორის შუალედებში სასუსნავების მიღებას;
ხელი შეუწყვეთ ბავშვს, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ მოძებნოს სპორტის სახეობა თუ ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული შემოქმედებითი წრეები, რომელიც მას მოსწონს, შეუყვარდება და სიამოვნებით გაერთობა;
წაახალისეთ ბავშვის ისეთი აქტივობები, რომლებითაც ტელევიზორსა და კომპიუტერს მოსწყდება.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი: ნუ გადააქცევთ ბავშვის ჭარბ წონას საყოველთაო ტრაგედიად. აგრძნობინეთ პატარას, რომ ის ყველა ფორმაში ძალიან გიყვართ და გინდათ, რომ ბედნიერი იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0