ვილი სანიოლი: ფოკუსირებული ვართ თამაშის ხარისხზე და არა შედეგზე

© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან მომავალ მეტოქეზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშიაც, რომელიც ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაურს მოირგებს.
როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებს შემადგენლობის თვალსაზრისით გარკვეული დანაკლისი აქვს, თუმცა ეს გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა ეს ეროვნული ნაკრებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის“, – აღნიშნა სანიოლმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამაც, რომელმაც მეტოქე გუნდზე უფრო ვრცლად ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა.
„ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს ჩვენთვის საინტერესო მატჩია. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს“, – განაცხადა კაშიამ.
აღსანიშნავია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრები გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან. შეხვედრა დღეს, 25 მარტს ქალაქ სენიცაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ტირანაში გაემგზავრებიან, სადაც 29 მარტს ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0