აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

© Government of Adjaraცხენები ღორჯომის ხეობაში
ცხენები ღორჯომის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ხეობას ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. აჭარაში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში ხეობაში მოეწყობა ადაპტირებული ღია მანეჟი, დახურული თავლა, ამფითეატრი, ადმინისტრაციული ცენტრი და წრიული საცხენოსნო ბილიკები.

„ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხეობაში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობას ზაფხულში დაიწყებს. ამ ეტაპზე კი ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ღორჯომის ხეობას საცხენოსნო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. არსებული ინფორმაციით, ღორჯომში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელთა რაოდენობა ჯამში 150-მდე აღწევს.
„ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და სათავგადასავლოდ მიმზიდველი გარდამავალი, საფეხმავლო მარშრუტები, რაც იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებითა და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში 18 სოფელი შედის და აქ 1.470 მოსახლეა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარაში. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და კასკადოვანი ჩანჩქერები.
ყველა ახალი ამბავი
0