ევროკომისია შეისწავლის საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) ბრიუსელში შეთანხმდა, რომ ევროკომისიას დაავალებს მოამზადოს დასკვნები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადებზე, იუწყება ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთივე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.
„ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად თითოეული აპლიკანტის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრების წარმოსადგენად. შესაბამის წერილს წერილობით პროცედურაზე მოამზადებს და შეათანხმებს ევროკავშირის საბჭო“, - ნათქვამია განცხადებაში.
COREPER-ს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა. ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის Twitter-აკაუნტზე.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ კიევის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე „უახლოეს დროს“ განიხილება.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევს სურს უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად განიხილონ. კულებას თვალსაზრისით, „ევროკავშირის წევრობაზე მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების სწორედ ახლა წარდგენა გამოიყურება, როგორც მცდელობა, ჩააბან თავიანთი ორი ვაგონი უკრაინის ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც ბრიუსელისკენ მოძრაობს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
წყარო - ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობის Twitter-აკაუნტი
წყარო - ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-აკაუნტი
ყველა ახალი ამბავი
0