ოთარ შამუგია საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდოჰა
დოჰა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავასს შეხვდა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, მიმდინარე წლის 8-10 მარტს ქალაქ დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენასთან (Agriteq 2022) დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მინისტრმა გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს აქტივობებში ჩართულობა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის პოტენციალი თაფლის, ღვინის, ცხვრის ხორცისა და ნატურალური წვენების საქართველოდან ექსპორტის ზრდის ტენდენციის, მეხილეობის დარგის წინსვლისა და სხვადასხვა საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარების კუთხით.
ოთარ შამუგიას თქმით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.
კატარმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა >>
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაამყარეს. კატარში საქართველოს საელჩო 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა, საქართველოში კი კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა 2013 წლის აგვისტოში.
ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. კატარის ბიზნესმენები ინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, კერძოდ, ენერგეტიკის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის კატარში შესვლის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0