„ივლიტურები“ ფეისბუქზე - როცა დედა შვილის აზრებს იწერს

© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა უგრელიძე
ივლიტა უგრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
პანდემიის დროს ადამიანებმა ურთიერთობების გადასარჩენად ყველა არსებულ და ჯერ არარსებულ, გამოგონილ საშუალებას მიმართეს. ამ იძულებითმა კარჩაკეტილობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. ისინი დროზე ადრე გაიზარდნენ და დაბრძენდნენ...
დღეს შვიდი წლის ივლიტა უგრელიძეზე გვინდა მოგითხროთ. ასაკთან შედარებით ხშირად ბრძნული და მახვილგონივრული მისი აზრები სოციალურ ქსელებში „ივლიტურების“ სახით გავრცელდა. გოგონას აზრებს მისი დედა, ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორისტი სოფიო ჯაფარიძე ორი წელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ათავსებს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ის ამბავი ახარებს, „ამ დამძიმებულ, დაღონებულ, დათალხულ დროში“ მან და ივლიტამ ადამიანების გახალისება შეძლეს. ივლიტას მამამ, პროფესიით ეკონომისტმა ერეკლე უგრელიძემ, მართალია, სოციალურ ქსელებს თავად არ იყენებს, მაგრამ ფეისბუქ-სივრცეში „ივლიტურების“ პოპულარობის ამბავი იცის და, ბუნებრივია, შვილის აზრები მისთვისაც მნიშვნელოვანია.
ივლიტა კი საკუთარ თავზე საუბრისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „ვთვლი, რომ ჭკვიანურ ფრაზებს ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოპულარული არ ვარ“...
© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა დედასთან ერთად
ივლიტა დედასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ივლიტა დედასთან ერთად
- სოფო, როგორ დაახასიათებთ ივლიტას?
- ივლიტა, თავის ასაკთან შედარებით, პატარობიდან საკმაოდ ინტელექტუალური ტიპაჟია. ეს მისი ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი შტრიხია. მისი ამ ხასიათის გამო არასდროს შემქმნია ივლიტასთან ურთიერთობის პრობლემა. ყველაფერს საუბრით და ურთიერთშეთანხმებით ვაგვარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეებიც არის, მაგრამ ეს ბუნებრივი და ადვილად გადასალახი პერიოდებია. ძალიან გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი, უზომოდ ინტერესიანი, მგრძნობიარე, დაფიქრებული და მოსიყვარულეა. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ხშირად მიკვირს ხოლმე მისი მოთმინებისა და თავშეკავების უნარი, იმიტომ რომ შვიდი წლის ბავშვისთვის კი არა, საკუთარი თავის ასეთი კონტროლი ბევრი ზრდასრულისთვისაც საკმაოდ რთულია.
© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა დედასთან - სოფო ჯაფარიძესთან და მამასთან - ერეკლე უგრელიძესთან ერთად
ივლიტა დედასთან - სოფო ჯაფარიძესთან და მამასთან - ერეკლე უგრელიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ივლიტა დედასთან - სოფო ჯაფარიძესთან და მამასთან - ერეკლე უგრელიძესთან ერთად
- რადგან ასაკთან შედარებით განვითარებულია, აზრსაც ხომ არ ეკითხებით ხოლმე?
- ივლიტასთან ყველაფერზე შემიძლია საუბარი, პრობლემების გულწრფელად გაზიარება, საიდუმლოს თქმა, ცოტა წაჭორავებაც კი. აზრსაც ძალიან ხშირად ვეკითხები. ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მისი რჩევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებაც მიჭირს. ივლიტა მუსიკალური მიმართულების სკოლაში სწავლობს. უკვე მეორე კლასშია და წელს ბევრი ახალი საქმეც აქვს, ამას სკოლის მიღმა აქტივობებიც ემატება. ამ ყველაფერთან ერთად ახერხებს, რომ საოჯახო წვრილმანებითაც დაინტერესდეს, ახლობლებისა და მეგობრების ამბებიც იცოდეს – მათი სიხარული თუ სატკივარი. ამ ასაკის ბავშვები, წესით, ასეთი საკითხებით დიდად არ ინტერესდებიან ხოლმე.
© courtesy of Sopio Japaridzeტელევიზიაში სტუმრობის დროს
ტელევიზიაში სტუმრობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ტელევიზიაში სტუმრობის დროს
- სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია „ივლიტურები“, რამდენი ხანია, რაც მის გამოთქმებს აგროვებთ?
- ივლიტას გამონათქვამებს მას შემდეგ ვაგროვებ, რაც ლაპარაკი დაიწყო. მისი პირველი სიტყვები ათი თვიდან მაქვს ჩაწერილი. ვიდრე სრულყოფილად ლაპარაკს ისწავლიდა, მანამდე სასაცილოდ გამოთქმულ სიტყვებს ვიწერდი. როცა საუბარი დახვეწა, საინტერესო და ასაკისთვის უჩვეულო სიტყვებს იყენებდა, თანაც უზუსტესი კონტექსტით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერსაც ვინიშნავდი. გარკვეული ხნის წინ კი რამდენიმე მათგანი, რომელიც ყველაზე სასაცილოდ და „ბრძნულად“ მეჩვენა, „ფეისბუქზე“ დავწერე. ამას ისეთი ინტერესი და მოწონება მოჰყვა ჩემი ფეისბუქ-მეგობრებისგან, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და, ცხადია, გამიხარდა. მერე უკვე ითხოვდნენ კიდეც, კიდევ დამედო რაიმე ივლიტას გამონათქვამებიდან.
© courtesy of Sopio Japaridzeბაბუასთან - ივანე ჯაფარიძესთან ერთად
ბაბუასთან - ივანე ჯაფარიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ბაბუასთან - ივანე ჯაფარიძესთან ერთად
- მისი ფრაზებიდან ჩანს, რომ წიგნის კითხვა უყვარს...
- ივლიტასთვის კითხვა ის ჯადოსნური მომენტია, რომლისთვისაც ყველა საქმიანობა შეიძლება დათმოს. ნებისმიერ მომენტში შეუძლია წიგნთან ურთიერთობა. ხშირად მანქანით გადაადგილების დროსაც ვკითხულობთ, ავტობუსში წაგვიკითხავს, ხანგრძლივი მგზავრობებისას, ძილის წინ, გამონაკლისის გარეშე. წიგნის კითხვას არ დაიწყებს, ვიდრე არ გაიგებს რომელმა გამომცემლობამ გამოსცა, მერე რედაქტორი და მთელი სარედაქციო კოლეგია უნდა ნახოს, მხატვარიც აუცილებლად, რათა იცოდეს, ვისი ილუსტრაცია უფრო მოსწონს და ვისი ნაკლებად. თვალის ერთი შევლებით ცნობს გამომცემლობებს, ზეპირად იცის ყველას ლოგო. წიგნის არცერთ ფესტივალს არ ვტოვებთ, ერთად ვარჩევთ სასურველ წიგნს და მერე სულმოუთქმელად ველით მოცალეობის ჟამს, როცა ახალ საიტერესო წიგნთან ურთიერთობას შევძლებთ.
© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა უგრელიძე
ივლიტა უგრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ივლიტა უგრელიძე
- მის მიმართ გამოხატული ყურადღება თუ სიამოვნებს?
- როგორც გითხარით, ძალიან მორიდებული და თავშეკავებულია, თუმცა ეს ამბავი ნამდვილად ახარებს. ამდენი ადამიანი რომ გეხმაურება, თბილ სიტყვას გიწერს და კეთილ სურვილებს გიგზავნის, მათთან ურთიერთობის ილუზიაც იქმნება, ამით ივსები და ბედნიერი ხარ. ბევრი მირჩევს, ივლიტას აზრები წიგნად ვაქციო და გამოვცე. ამას მეც ვფიქრობ, მაგრამ მინდა გარკვეულად კონცეპტუალური გამოცემა იყოს და არა მხოლოდ გამონათქვამების კრებული. ვნახოთ, ყველაფერს თავის დრო აქვს. მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სათანადო იდეაც მომწიფდება.
© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა უგრელიძე
ივლიტა უგრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ივლიტა უგრელიძე
ბოლოს, ასაკის მიხედვით ჩაწერილ „ივლიტურებს“ გთავაზობთ.
ივლიტა ორი წლის:
აქ ვიდგები, უმჯობესია!
შენ არარსებული ქნილება ხარ, ქალბატონო!
ეხლა მზეს მივეფიცხები!
ივლიტა სამი წლის:
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი;
ბები, შენი წნევა გაუძლებს ეხლა ამას?
დედა, მე ვარ ადამიანი, რობოტი კი არ ვარ! სწრაფად არაფრის გაკეთება არ შემიძლია!..
ივლიტა ოთხი წლის:
ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ რაღაც ხომ უნდა გადაწყვიტოს, ჰოდა, მეც გადავწყვიტე;
ეს ცხვირსახოცი კი არ არის, თვალსახოცია!
© courtesy of Sopio Japaridzeივლიტა უგრელიძე
ივლიტა უგრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
ივლიტა უგრელიძე
ივლიტა ხუთი წლის:
ეგ სულ მაგ თემებზე ლაპარაკობს – შეყვარება, გადაყვარება, გადმოყვარება;
რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს სადარბაზოს დაბინძურება, ჩემამდე არ დადის;
ლაპარაკი მაინც იცოდე, დაგელაპარაკებოდი და აქეთ გამიწევდი ანგარიშს! – თუთიყუშთან დიალოგიდან.
ივლიტა ექვსი წლის:
ეს ბებიამისი ფუტკარივით გამოწყობილი დადის და საწყალი ბავშვი ტარზანივით დაჰყავს;
დედა, გეხვეწები, ადექი რა, მძინარე ალბატროსივით ნუ იქცევი!
როგორი სუნი აქვს – რაღაც ძველ სამყაროში რომ დაგაბრუნებს;
ისე, შენ კაი მზამზარეულისტი ხარ!..
ივლიტა შვიდი წლის:
შენ შენი ცხოვრება გაქვს და ისინი რატომ ერევიან, აი, ეგ ვერ გავიგე!
დედა, შეგიძლია ეგ ტელეფონი დადო და მითანაგრძნო?
რა კარგია ბავშვი რომ ვარ და მე არ მიწევს ხმის მიცემა!
არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც მენატრება და მასევდიანებს, ტირილი მინდა;
დედა, მაგას მე კი არ ვაკონტროლებ, მაგას წყვეტს ტვინი – როდის რა უნდა გავაკეთო!..
ყველა ახალი ამბავი
0