„ქალი ელექტრიჩკა“ და ყოველდღე დაფარული 120 კილომეტრი – როცა დღე სიყვარულით იწყება

© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი ყოფილ მოსწავლეებთან ერთად
მაკა ბიბილეიშვილი ყოფილ მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს მაკა ბიბილეიშვილს გაგაცნობთ.
წარმოიდგინეთ, სკოლაში მისასვლელად ყოველდღე სამარშრუტო ტაქსით 120 კილომეტრს გადის. თუმცა ამბობს, რომ საკლასო სივრცეში შესულს ყველაფერი მალევე ავიწყდება. ამაში კი ორი რამ ეხმარება: ბავშვების სიყვარული და... დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია".
ასეთი მასწავლებლის დავიწყება ალბათ არც ისე ადვილი ამბავია, ამიტომ კურსდამთავრებულები მას ხშირად აკითხავენ და სიყვარულით დღემდე „მაკრინეთი“ მიმართავენ. თავად კი უბრალოდ ბედნიერია, რადგან თვლის, რომ „მისია შესრულებულია“...
© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი
მაკა ბიბილეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მაკა ბიბილეიშვილი
- ქალბატონო მაკა, მე არ გკითხავთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რადგან ვიცი, რომ ოჯახში ბევრი პედაგოგი გყავთ. როდის გაიაზრეთ, რომ თქვენც მათ კვალს გაჰყვებოდით?
- ამ პროფესიას რომ ავირჩევდი, ამას სკოლაშივე მივხვდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი ისტორიის მასწავლებელი, ბატონი ნოშრე სურმანიძე ანტიკური ისტორიის პერიოდს გვასწავლიდა. საოცრად საინტერესო მეგზურობას მიწევდა – საბერძნეთში, ეგვიპტეში, შუამდინარეთში, რომში... აი, მაშინ მეც იმ ეპოქის გმირი ვხდებოდი და სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობდი. იყო დრო, როცა ვოცნებობდი, არქეოლოგი გამოვსულიყავი, მაგრამ შემდეგ მიმართულება ცოტათი შევიცვალე და ავირჩიე ისტორია-პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც წარმატებით, წითელ დიპლომზე დავამთავრე. დღეს ვფიქრობ, რომ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება გამართლებულია.
- ვინ იყო თქვენთვის ერთგვარი ორიენტირი, ვისთვის გინდოდათ მიგებაძათ?
- ჩემთვის დედა, ნინო გურგენაძე ყველაფერია. ყველა ჩემი კეთილი საქმე და კრეატიული ნაბიჯი მისგან მომდინარეობს. პროფესიით ფილოლოგია, შემოქმედი და თვითნასწავლი ხელოვანი. მისი თვალით დანახული სამყარო, ადამიანები, ცხოველები და საერთოდ წუთისოფელი ჩემი მეგზური გახდა. როდესაც რაღაც ახალს ვაკეთებ, მინდა, რომ პირველი შეფასებები, დადებითიც და უარყოფითიც, სწორედ მისგან მივიღო.
© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი მოსწავლეებთან ერთად
მაკა ბიბილეიშვილი მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მაკა ბიბილეიშვილი მოსწავლეებთან ერთად
- თქვენზე ამბობენ, ჩვენი დროის გმირიაო...
- გმირობა გვერდით გადავდოთ, მაგრამ რომ არა ჩემი პროფესიის სიყვარული, იმ ყველაფრის გაკეთება, რასაც წლებია ვაკეთებ, შეუძლებელი იქნებოდა. ყოველი დილა ჩემთვის დაკავშირებულია იმ ასობით მოციმციმე თვალებთან, რომელიც მელოდება. მახსოვს, ჩემმა პირველმა გაკვეთილმა იმდენად ბუნებრივად და ემოციურად ჩაიარა, ვერც გავიაზრე, რომ უკვე ჩავატარე. საკუთარი გულისცემა მესმოდა. დღეს კი ჩემთვის ნებისმიერი პრობლემა, ავდარი, მარცხენა ფეხზე ადგომა, ჩამწვარი სადილი, გვიან დაწოლა, ადრე ადგომა – რა მოსატანია, როცა იცი, რომ ყველაზე გულწრფელი არსებები სიყვარულით გელოდებიან!
- გავიგე, რომ ყოველდღე სამარშრუტო ტაქსით სკოლამდე 60 კილომეტრს გადიხართ, რა გაძლევთ ამის ძალას?
- სულ 120 კილომეტრია – ბათუმიდან სუფსამდე 60 კილომეტრი და ამდენივე უკან. თუმცა საკლასო სივრცეში შესულს ყველა პრობლემა მალევე გავიწყდება და დღე სიყვარულით იწყება. ძალიან მეხმარება უზნაძის „განწყობის თეორია". კოლეგებისგან წლების განმავლობაში მიღებული მაქვს სხვადასხვა არაისტორიული ტიტულატურა, მაგალითად, „ქალი განწყობა", „ქალი პოზიტივი", „ქალი ფილარმონია", „ქალი ელექტრიჩკა"...
© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი
მაკა ბიბილეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მაკა ბიბილეიშვილი
- ამ უკანასკნელ ტიტულს რამე ისტორია ხომ არ აქვს?
- საქმე ისაა, რომ წლების მანძილზე სწორედ ეს მატარებელი, ანუ „ელექტრიჩკა“ მემსახურებოდა ერთგულად, დროული გრაფიკით, თბილი გარემოთი და მარტო ჩემთვის შენახული ადგილით. ახლაც ჩამესმის უცნობი ადამიანების მზრუნველი ხმა: „ეს ადგილი მასწავლებლისაა“, ვხედავ ათობით ადამიანის შეწუხებულ სახეს, როცა ვაგვიანებდი და მატარებლის გრაფიკით გათვალისწინებულ გასვლის დროს სულ რაღაც ორი-სამი წუთით ვასწრებდი. ამის მერე შინაურული მოკითხვები იწყებოდა. ეს გარემო ჩემთვის ძალიან მშობლიური იყო...
- აქვე ვთქვათ, რომ თქვენი მამა წლების მანძილზე საქართველოს რკინიგზაში ხელმძღვანელი პირი იყო...
- დიახ, მამაჩემი, გია ბიბილეიშვილი ბათუმის სალოკომოტივო დეპოს ხელმძღვანელი იყო. მართალია, უკვე წლებია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ დღესაც როგორც მისაბაძ უფროსს და, რაც მთავარია, კარგ ადამიანს მოიხსენიებენ. როდესაც მისი ნაცნობები პატარა ბავშვივით ვაშლს, ტკბილეულს, ყურადღებას და სითბოს მინაწილებდნენ, ამით მამის ყოველდღიურ მზრუნველობას ვგრძნობდი იმიერიდან... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და „საქართველოს რკინიგზას“ თხოვნით მივმართო: გაითვალისწინეთ ჩემი და ასობით ჩემნაირი ადამიანისთვის როგორი საჭიროა მატარებელი, იქნებ შესაძლებელია, რომ ისევ ვიხილოთ „ბათუმი–ქუთაისის" ჩვენთვის აუცილებელი „ელექტრიჩკა“? ცოტა გვიან მატარებელი შეცვალა სამარშრუტო ტაქსმა, რომლის მძღოლი იმის გამო აჩქარებდა სვლას, რომ მე დროულად მიმესწრო და სკოლაში არ დამეგვიანებინა. როდესაც ხედავ, სრულიად უცხო ადამიანები შენ გამო ასე იქცევიან, ხვდები, რომ შენგანაც იგივე დაფასებას და ყურადღებას იმსახურებენ...
© courtesy of Maka Bibileishviliმაკა ბიბილეიშვილი კოლეგებთან ერთად სკოლის წინ
მაკა ბიბილეიშვილი კოლეგებთან ერთად სკოლის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მაკა ბიბილეიშვილი კოლეგებთან ერთად სკოლის წინ
- თანამედროვე ბავშვები რომ დააინტერესო, არც ისე ადვილი ამბავია, რაიმე „საიდუმლო“ ხომ არ გაქვთ?
- როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ, ვცდილობ, რომ ნებისმიერი გაკვეთილი იყოს არა წინასწარ დაგეგმილი, არამედ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და ამავე დროს სახალისოც. მოკლედ, მთავარია დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება, ისტორიული მასალების გამოყენებით მცირე დოზით ინტრიგა და გულწრფელი სიყვარული ყველა ბავშვის მიმართ. როდესაც ეს ყველაფერი ერთადაა – მიზანიც მიღწეულია. ამის მერე დღის განმავლობაში გავლილი 120 კილომეტრიც არაფრად გეჩვენება.
- კარგია, როცა საყვარელი საქმე, რომელსაც კარგად აკეთებთ, ყველას ბედნიერებას ანიჭებს...
- მართლაც მანიჭებს ბედნიერებას. წლებია აბიტურიენტებთან ურთიერთობაც მიწევს. როცა ამხნევებ, თავის სიახლეებსაც გახარებენ ხოლმე. მათი წარმატებით ბედნიერი ვარ. როცა კურსდამთავრებულები „მაკრინეთი“ მოგმართავენ, აქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რაც ჩაფიქრებული გქონდა, იმის გაკეთება შეძელი. დღეს უკვე ახალ გამოწვევებს ელოდები და ისევ ბევრს სჭირდები, ისინიც სიყვარულით გელოდებიან – განა ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს?!.
ყველა ახალი ამბავი
0