საქართველოს ნაკრების პირველი მარცხი - ზუროსის გუნდი ესპანეთთან განადგურდა

© photo: Sputnikკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან შეხვედრაში სამი საკვანძო კალათბურთელი აკლდა. სერჯიო სკარიოლოს გუნდმა ოთხივე პერიოდი დიდი უპირატესობით მოიგო.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ილიას ზუროსის გუნდმა შეხვედრის სტარტზე მეტოქისთვის მცირე წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, თუმცა ანგარიშის 15:16 დროს ესპანეთის ნაკრებმა შვიდი უპასუხო ქულა მიითვალა და მატჩის დარჩენილი დრო სრულად დომინირებდა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი და მეორე მეოთხედები 8-8 ქულით დათმო (23:15, 24:16). ზუროსის შეგირდებმა შესვენების შემდეგ თამაშის გამოსწორება სცადეს, ქართველმა კალათბურთელებმა მესამე მეოთხედი 4-ქულიანი გაქცევით დაიწყეს, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა მატჩის სადავეები კვლავ დაიბრუნა. ესპანეთმა მესამე მეოთხედი შვიდი ქულის უპირატესობით დაასრულა (17:10), ბოლო ტაიმში კი 5-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა (25:20). საბოლოოდ ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს ჩემპიონებთან 38-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:61 დამარცხდნენ.
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
მსოფლიო–2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარნენ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, შეხვედრამდე გუნდს ასევე გამოაკლდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაც. დანაკლისის ფონზე სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა „ცხუმ-აფხაზეთის" 21 წლის კალათბურთელი ლუკა მაზიაშვილი.
შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრას საქართველო 2022 წლის 24 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. ამ დროისთვის ჯგუფს ორი გამარჯვებით ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, მეორე ადგილზე კი სამი ქულით ილიას ზუროსის გუნდია.
საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში უკრაინა ანგარიშით 88:83 დაამარცხა და შესარჩევი ციკლი გამარჯვებით გახსნა.
საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. შესარჩევი ციკლის შემდეგ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი ნაკრები გადავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0