როგორ გამოიყვანა პოლიციამ მოშიმშილეები ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან – ვიდეო

გამოწერა
პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ძალით გამოიყვანა ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ.
ზუგდიდის საკრებულოში დილიდან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრებმა და პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ ძალით გაარღვიეს დაცვის კორდონი და სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილე ოპოზიციონერები დარბაზიდან გაიყვანეს, მათი ნივთები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის კაბინეტში მიიტანეს. მანამდე ოპოზიციონერები სწორედ იქ შიმშილობდნენ.
ოპოზიციონერების თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ საკრებულოს წინანდელმა შემადგენლობამ დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს საქმიანობა ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის სიტყვები უარყვეს. საკრებულოს ხელმძღვანელ ბესიკ ჭეჟიას თქმით, იგეგმებოდა მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის განხილვა და 25 ნოემბრამდე მისი მერიაში დასამუშავებლად გადაგზავნა.
მანამ, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია არ დანიშნავს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, ძალაუფლებას შეინარჩუნებს წინა შემადგენლობა, რომელშიც უმრავლესობა მოპოვებული აქვს მმართველ პარტიას. სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღეში უნდა ჩაინიშნოს.
ცესკომ შედეგები 13 ნოემბერს გამოაქვეყნა. ბოლო არჩევნების შედეგების თანახმად, ზუგდიდის საკრებულოში 45 ადგილიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 20 ადგილი ერგო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 22 მანდატი, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ – სამი.
ყველა ახალი ამბავი
0