„ფეხები შეუშუპდა და უჭირს გადაადგილება" – ადვოკატი სააკაშვილის შესახებ

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მე-12 დღეა შიმშილობს და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, კიდურები შეუშუპდა და უჭირს გადაადგილება, განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის №12 დაწესებულებაში პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ.
გელხაურის თქმით, სააკაშვილი ციხის ადმინისტრაციას სთხოვს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს მისი ყოველდღიურად მონახულების უფლება მისცენ.

„მიშას კიდურების შეშუპება აქვს და, როგორც გვითხრა, უჭირს გადაადგილება. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია იგი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში მყავს მისი პირადი ექიმი. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაზე პირადმა ექიმმა უნდა ისაუბროს. მიშა მოითხოვს, რომ იგი ყოველდღე მოინახულოს მისმა პირადმა ექიმმა", – განაცხადა გელხაურმა.

სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0