სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და ჯვრის დაბრუნებას ითხოვს

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეშვიდე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ჯვრის დაბრუნებას მოითხოვს, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთ თავის წერილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში იგი უარს აცხადებს ექიმების დახმარებაზე.

„მე მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მის შეცვლას არ აპირებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

დეკანოზის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს ხელმეორედ შეხვედრა არ უთხოვია.
„მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდით. მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს ჯვარი დაუბრუნონ მას“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის, როგორც უკრაინის მოქალაქის ექსტრადიცია არ განიხილება და იგი სასჯელის სრულ ვადას საქართველოში მოიხდის.
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
„ეს არის არაქრისტიანული ქმედება“ – პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0