გრიპის ვაქცინის 43 ათასი დოზა საქართველოშია – ვაქცინაცია 2-3 დღეში დაიწყება

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
ქვეყანამ სულ გრიპის ვაქცინის 200 ათასი დოზა შეიძინა, რომელიც თავდაპირველად სამ პრიორიტეტულ ჯგუფს მოხმარდება. ვაქცინის დანარჩენი დოზები საქართველოში 25 ოქტომბერს შემოვა, აცხადებს გამყრელიძე.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში შემოსულია გრიპის ვაქცინის 43.000 დოზა, ვაქცინაციის პროცესი კი რამდენიმე დღეში დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები აიცრებიან.
„ქვეყანაში შემოსულია გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, 43.000 დოზა. წელს სახელმწიფომ მთლიანად 200.000 ვიყიდეთ. 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია სამი პრიორიტეტული ჯგუფისთვის. 25 ოქტომბერს დანარჩენ 160.000 დოზას ველოდებით, შემდეგ ეს გავრცელდება უკვე ბავშვებზე, ქრონიკულ დაავადებებზე და ა.შ.“ – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე განმარტა, თუ რა პერიოდშია გრიპის ვაქცინით აცრა ნებადართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში მიიღებს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე ქვეყანაშია
„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ერთ დღეს შეიძლება ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტს როგორ მოხდება. ამ დრომდე რეკომენდაციაა, რომ თუ რომელიმე ვაქცინა გაკეთებული გაქვს, 14 დღის შემდეგ შეგიძლია მეორე ვაქცინის გაკეთება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
ყველა ახალი ამბავი
0