საპატარძლო ჯინსის კაბა და მამის შარვლისგან შექმნილი კორსეტი ანუ უჩვეულო დიზაინერის დეჟავიუ

© courtesy of Teona Margvelashviliთეონა მარგველაშვილი
თეონა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ დიზაინერს თეონა მარგველაშვილს გაგაცნობთ.
თავის პირველ ჩვენებას, რომელიც თბილისში 2009 წელს გაიმართა, „დეჟავიუ“ დაარქვა. მას შემდეგ წარმატების განცდა განმეორებით და არაერთხელ ეწვია. დიზაინერის არაორდინარული სტილის სამოსი ამერიკის მოდის კვირეულზე ბევრჯერ იხილეს. დღეს ბევრი მიწვევა აქვს სხვა ქვეყნების ჩვენებებზე, მათ შორის პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. სექტემბრის თვეში ვაშინგტონში გამართული მოდის კვირეული სწორედ მისი კოლექციით დაიხურა.
© courtesy of Teona Margvelashviliთეონა მარგველაშვილი
თეონა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
თეონა მარგველაშვილი
- ქალაბატონო თეონა, დასაწყისში მინდა ქუთაისური ბავშვობა გაიხსენოთ, ამ ქალაქიდან ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრათ თავი?
- ბავშვობა ლაღი და ბედნიერი მქონდა. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყოფნის დროს ვხატავდი და იმდენად კარგად, რომ ჩემი ნახატები ყოველთვის გამოფენილი ჰქონდათ. ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ამ ქალაქს მიზიდულობის საოცარი ძალა აქვს და მხოლოდ მისთვის ჩვეული ურთიერთობებითაა ცნობილი, ამიტომ იქაურ მეზობლებთან დღემდე ვმეგობრობ. იმ დროის ბევრმა ქუთაისელმა დამამახსოვრა თავი, მაგრამ მათ შორის მაინც გამოვარჩევდი ქართველ მუსიკოსს, პანკ-როკ ჯგუფ Outsider-ის დამაარსებელს, ექსცენტრულ და ნიჭიერ რობი კუხიანიძეს.
- ცხოვრების თბილისური პერიოდი როგორი იყო და „ათასში ერთი“ როგორ აღმოჩნდით?
- თბილისში სტუდენტობის დროს შევიძინე უერთგულესი მეგობრები, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა. ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა – როცა მეორე კურსზე ვიყავი, ფოტოხელოვანმა ნუკრი ჯიოშვილმა გადამიღო და იმ ფოტოებიდან ერთ-ერთი მოხვდა კონკურსზე ,,ათასში ერთი“, რომელიც „ქარვასლის“ გალერეაში ჩატარდა. კასტინგზე სწორედ იმ ფოტოს წყალობით ამირჩიეს.
© courtesy of Teona Margvelashviliთეონა მარგველაშვილი
თეონა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
თეონა მარგველაშვილი
- ანუ ლალი ტოტიკაშვილის მოდელი მაშინ გახდით?
- დიახ, სწორედ იმ გამოფენის შემდეგ, რაზეც ახლა მოვყევი, ლალი ტოტიკაშვილის სააგენტოში მოვხვდი. მაშინ სააგენტო „შარმი“ პოპულარობით სარგებლობდა. იმ სააგენტოს მოდელი 2002 წლიდან ვარ, სხვადასხვა ჩვენებებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. ის დრო კარგად მახსენდება.
- რატომ დაარქვით თქვენს პირველ ჩვენებას „დეჟავიუ“?
- როგორც ვიცით, „დეჟა ვუ“ შეგრძნებაა, რომ მომენტი, რომელშიც ახლა ვართ, შეიძლება ერთხელ უკვე გვქონია. პრინციპში, ეს მოგონების განცდაა. მსგავსი შეგრძნება ჩემს ცხოვრებაშიც ბევრჯერ ყოფილა და ალბათ მომავალშიც იქნება. ეს შეგრძნება ჩვენი ცხოვრების თანმდევია, ამიტომ 2009 წელს გამართულ პირველ ჩვენებასაც ასე ვუწოდე. მაშინ წარმოდგენილი ჩემი სამოსი იმ დროისათვის საკმაოდ თამამი იყო. მაგალითად, მე შევქმენი საპატარძლო მოკლე კაბა, ჯინსის კაბა ასევე საპატარძლო და სამხედრო ქალური კაბები.
- პეტერბურგის მოდის კვირეულზე როგორ აღმოჩნდით და რით იყო მნიშვნელოვანი?
- იქ ჯერ ჩემი ნამუშევრები გავგზავნე. ისინი კომისიამ განიხილა და 2016 წელს პეტერბურგის მოდის კვირეულზე მიმიწვიეს. ადგილზე ჩასულს სასიამოვნო გარემო დამხვდა, საკმაოდ გემოვნებიანი საზოგადოება მოვიდა. მახსოვს, კვირეულის ხელმძღვანელმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, ზოგადად საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მაგრამ, ვაღიაროთ, ქართველები ძალიან ნიჭიერები არიანო. იქ გატარებული დღეები არასოდეს დამავიწყდება. პეტერბურგის შემდეგ ბევრი მიწვევა მივიღე. მათ შორის იყო ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულები. 2018 წელს ვაშინგტონის მოდის კვირეულზე ჩემი სახელით მეუღლე გამოვიდა.
- როგორი აღმოჩნდა თქვენთვის „ამერიკული ოცნება“?
- ამერიკაში ცხოვრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ისეთი იდეალური არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. თუმცა სხვა გზა არ მქონდა, რადგან საქართველოში ცხოვრება ძალიან რთულია და, სამწუხაროდ, ხალხიც შეიცვალა. აქ მინდა საკუთარი მაღაზია გავხსნა და, იმედია, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ. მე 2004 წლიდან ვხატავ და ამერიკაში უფრო გამიმძაფრდა ხატვის სურვილი, გამოფენასაც ვგეგმავ.
- ჩვენებას, რომელიც მამის ხსოვნას მიუძღვენით, „გაურკვევლობა“ უწოდეთ, რატომ?
- მამა ნოემბერში გარდამეცვალა და მას შემდეგ მართლაც გაურკვევლობაში ვარ... თან ნამუშევრები, რომლებიც გავგზავნე, პანდემიის პერიოდში, მის გვერდით ყოფნის დროს შევქმენი. მას ჰქონდა ძალიან დადებითი ენერგია, რომელსაც უშურველად გასცემდა. იმ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო კორსეტი, რომელიც მამაჩემის ჯინსის შარვლისგან შევკერე. მას დიდი ხანი ხელით ვკერავდი...
© courtesy of Teona Margvelashviliთეონა მარგველაშვილი კოლექსციის ჩვენებაზე
თეონა მარგველაშვილი  კოლექსციის ჩვენებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
თეონა მარგველაშვილი კოლექსციის ჩვენებაზე
- ვიცი, რომ 26 სექტემბერს ვაშინგტონში გამართული მოდის კვირეული თქვენი კოლექციის ჩვენებით დაიხურა...
- დიახ, ასე იყო. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამერიკის კვირეული ქართველი დიზაინერის ჩვენებით დაიხურა, რაც ძალიან მახარებს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საელჩოს, ქალბატონ მარიამ მიქელაძეს, ბატონ დავით ბაქრაძეს და ქალბატონ ლელა ნინუას მხარში დგომისა და დახმარებისთვის.
- ემიგრაციაში ყოფნას რა გიადვილებთ?
- მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ნოსტალგიის გამო ემიგრაციაში ყოფნა რთულია. ახლობლები ძალიან მენატრება. აქ ცხოვრება მხოლოდ ორი მიზეზის გამო გამიადვილდა: ის, რომ ჩემს შვილსა და მეუღლესთან ერთად ვარ და პროფესიული რეალიზაციისთვის აქ უკეთესი ასპარეზია.
- შორიდან დანახული სამშობლო როგორია?
- საქართველო შორიდან ძალიან პატარაა, მაგრამ ლამაზი და თავისი თვითმყოფადობით საინტერესო, რადგან მსოფლიოში მართლაც არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს...
ყველა ახალი ამბავი
0