საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს

© National Teacher Prizeმასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მასწავლებელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ხათუნა რაზმაძე გახდა.
პრიზის სახით გამარჯვებულს კონკურსის გენერალურმა სპონსორმა – გუდავაძე–პატარკაციშვილის ფონდმა 10 ათასი ლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში გუშინ, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.
ჟიურიმ ხათუნა რაზმაძე ხუთ ფინალისტს შორის შეარჩია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ხათუნა რაზმაძის გარდა იყვნენ:
სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;
ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.
პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.
„სიმბოლურია, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის დღეს აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი ტრადიცია. დღეს გამოვლინდა ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული... ყველა ადამიანი, ვინც ამ პროფესიაშია ჩართული, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტის პროფესორი თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი... უკვე გამარჯვებულია. ეს ადამიანები ემსახურებიან ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.
The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ რამდენიმე კრიტერიუმს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.
2020 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი აფხაზეთის №10 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სოფიო გოგოხია გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0