აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უზრუნველყავით სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა

© AP Photo / J. Scott Applewhiteაშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ სამშობლოში და მისმა დაკავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები ინფორმირებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა ვაშინგტონში გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.

„ინფორმირებული ვართ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მან შიმშილობა გამოაცხადა და მის შეწყვეტას მხოლოდ გათავისუფლების შემთხვევაში აპირებს.
ექს-პრეზიდენტი შიმშილობის გაგრძელებას იმ დრომდე აპირებს, ვიდრე იგი და მის გამო დაკავებული სხვა პირები არ გათავისუფლდებიან, განაცხადა გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი საკანში მოინახულა.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
რას ითვალისწინებს კანონი სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით – იურისტი
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მალე სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და იგი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებას და ამაში ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0