სასამართლომ ელგუჯა ცომაიას პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
პოლიციამ ცომაია 1 ოქტომბერს იმის გამო დააკავა, რომ მან საქართველოში ძებნილ სააკაშვილს საკუთარი ბინა დაუთმო.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.
ცომაია სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული და „მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით 2021 წლის 30 სექტემბერს მას (სააკაშვილს) დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა“.
„ელგუჯა ცომაია არ არის არც ერთ პარტიასთან აფილირებული. ის პატრიოტი, წესიერი ადამიანია. კარი გაუღო, უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს. ვიღაცისთვის ის ძებნილი, ვიღაცისთვის – მესამე პრეზიდენტია. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ სხდომის შემდეგ.
ამასთან, პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას, შესაძლოა, ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
სააკაშვილის მხარდასაჭერად მისი უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ჩამოვიდა
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცომაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც ასევე სააკაშვილის უფლებადამცველია, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში „დამნაშავის მფარველობის“ მუხლი არ არსებობს, „დანაშაულის დაფარვის“ მუხლი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირად არ ეხება.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0