ბრძოლა „უღირსად გამოჩინებულთა“ წინააღმდეგ: რა დაადგინა რუის-ურბნისის კრებამ

© Pixabay / jclk8888ბერი ლოცვის დროს
ბერი ლოცვის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საეკლესიო რეფორმა მიიჩნევა, ვინაიდან ერის სულიერი სიმტკიცის გარეშე ქვეყანა ვერ გაუმკლავდებოდა მის წინაშე არსებულ სიძნელეებს.
„დიდმა თურქობამ“ დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო სამეფო ინსტიტუტებს, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. სამეფო ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლეს უღირსმა სასულიერო პირებმა და გავლენიან მდგომარეობას მიაღწიეს იერარქიაში. ერში გამრავლებული მრავალი ცოდვა გარკვეულწილად მაშინდელ ქართულ ეკლესიაში არსებული უმძიმესი ვითარების გამოძახილი იყო.
მღვდელმსახურთა ნაწილი, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართული. იმ დროს საკმაოდ ფეხმოკიდებული ყოფილა დიდებულებისა და გავლენიანი ოჯახების უასაკო წევრების, ანუ ყმაწვილების დიაკვნად, მღვდლად, თვით ეპისკოპოსად კურთხევაც კი.
ძველებური საწერი მოწყობილობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
ისტორიული წერილები: როგორ მიმართავდნენ ქართველ მეფეებს მსოფლიო იმპერიათა მბრძანებლები
ზოგმა მღვდელმსახურმა ტაძარი საკუთარი გამდიდრების წყაროდ აქცია. აქ იგულისხმება როგორც საეკლესიო ნივთების მითვისება, ისე ფულადი სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ტრადიციად იყო ქცეული მღვდელმსახურთათვის ძღვენისა და ქრთამის მირთმევა.
ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული თანხის გაღების შემდეგ ადგილი ჰქონდა ისეთ კანონიკურ გადაცდომებს, როგორებიცაა ერთსა და იმავე პირისთვის ჯვრის რამდენჯერმე დაწერა (ანუ მრავალცოლიანობა), ნათლობისა და ჯვრისწერის რიტუალის ეკლესიის გარეთ შესრულება, მართალმადიდებლებისა და წარმართების (არამართლმადიდებლების) შეუღლება, წარმართ (არამართლმადიდებელ) მიცვალებულთათვის წესის აგება.
საუბედუროდ, ფეხმოკიდებული ყოფილა პედოფილიაც, ანუ ბავშვების დაქორწინებაც. სამწუხაროდ, მშობლები ანგარების ან „შვილების ბედნიერი მომავლის“ უზრუნველყოფის მიზნით 9-11 წლის ბავშვებსაც აქორწინებდნენ შეძლებულ და დიდი გავლენების მქონე პირთა შვილებზე. ანუ ადგილი ჰქონდა ბავშვებით ვაჭრობას, რაც დიდი უბედურება იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
სამშვილდის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
„სპა მცველად ციხეთა კახეთისათა“, ანუ ლევან კახთ მეფისა და ივანე მრისხანეს გარიგება
ამ და სხვა მანკიერებების აღმოსაფხვრელად დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით 1103 წელს რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ უმაღლესი სასულიერო პირები, არამედ საერო პირებიც — „ერი მრავალი, მოძღვარნი და მეცნიერნი“. ამ კრებამ, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი მეთაურობდა და რომელიც მიმდინარეობდა „დღეთა მრავალთ ფრიადითა გამოწულილვითა“, ის სტანდარტები დააწესა, რომელთა დარღვევა სასტიკად იკრძალებოდა.

„ძეგლისწერის თანახმად:

გადაყენებულად გამოცხადდა უღირსი მღვდელთმთავარი, მსახური, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი — ოცდაათისა, დიაკონი — ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი — რვა წლისა;
ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;
ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;
იკრძალება ხელდასმა ქრთამით, ძღვენით;
საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;
ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება — მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით, გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;
კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;
მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;
იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;
ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;
იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება;
აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილზე არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);
ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას. დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი...
აღნიშნული დადგენილებები უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან სამღვდელო პირები საკუთარ ანაფორას შეურაცხყოფდნენ, მათ დააგროვეს უდიდესი ქონება და ეკლესია კორუფციის წყაროდ აქციეს. საეკლესიო კრებამ შეაჩვენა და გადაყენებულად გამოაცხადა უღირსი მღვდელთმთავარნი და მსახურნი, რომლებმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნეს.
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
„უშიშმან და ყოვლად უძრავმან  გულითა“ - როგორ მოიგო დავით აღმაშენებელმა დიდგორი
ძალზე ძნელი აღმოჩნდა ბრძოლა „უღირსად გამოჩინებულთა“ წინააღმდეგ, რადგან ისინი „იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი“. ერთია გადაწყვეტილების მიღება და სულ სხვაა მისი აღსრულება. ეკლესიას, ბუნებრივია, არ გააჩნდა „ქუაბ-ავაზაკთა“ განდევნისა და გახრწნილთა დასჯის მექანიზმი. აქ თავისი სიტყვა სამეფო ხელისუფლებამ თქვა, რომელმაც აღასრულა რუის-ურბნისის კრების განჩინება.
დავით აღმაშენებელს, როგორც მირონცხებულ ხელმწიფეს, რომელიც უფლის ნებით განაგებდა ქვეყანას, შეეძლო აქტიური მონაწილეობა მიეღო კრების საქმიანობაში, მაგრამ მან ეს საქმე თავის ერთგულ ეკლესიის მსახურებს მიანდო, თავად კი, როგორც მონა ღვთისა, მზად იყო დამორჩილებოდა უმაღლეს სასულიერო პირთა გადაწყვეტილებებს. მეფე მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქმე აღსრულებამდე მივიდა, და მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას ქართულ ეკლესიაში.
ბუნებრივია, ეკლესიიდან მოკვეთილი უღირსი მღვდელმსახურნი და მაღალი სასულიერო იერარქიის პირები არ დაემორჩილნენ განაჩენს, სწორედ ამიტომ დავით მეოთხე აღმაშენებელმა შერისხულებს ქუსლები დაააჭრა (რათა მთელი ცხოვრება ქვეწარმავლებივით მუცელზე ეხოხათ). ეს იყო ერთგვარი „სიმბოლური აქტი“, რითიც აღმაშენებელმა სამღვდელოებას აჩვენა, რომ ანაფორა ვერ დაიცავს ვერც ერთ ადამიანს, თუ იგი უღირსად მოიქცევა...
ყველა ახალი ამბავი
0