მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგულ კლუბში იმუშავებს

© photo: Sputnikმანუჩარ მარკოიშვილი
მანუჩარ მარკოიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
მარკოიშვილი „მონაკოსთან“ ერთად ახალ სეზონს „ევროლიგაში“ ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ შეხვედრით დაიწყებს.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი ფრანგულ „მონაკოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ეროვნული ნაკრების ყოფილი ლიდერი ფრანგულ კლუბში მონტენეგროელი მწვრთნელის ზვეზდან მიტროვიჩის დამხმარე იქნება. მიტროვიჩი „მონაკოში“ 2020 წლის დასაწყისში მივიდა და გასულ სეზონში EuroCup-ზე გამარჯვებაც მოახერხა. ამით მონტენეგროელმა სპეციალისტმა გუნდს პირველი საერთაშორისო ტიტული მოაგებინა.

„მონაკოში ყოფნა ჩემთვის უნიკალური შანსია. მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სეზონისწინა პერიოდი გუნდთან ერთად გავატარე და უკვე ბევრი ადამიანი გავიცანი. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი კონკურენტუნარიანია. რაც შეეხება ქვეყნის პირველობას, ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონობაა“, – განაცხადა მარკოიშვილმა.

34 წლის მარკოიშვილი ბოლოს საქართველოს „სუპერლიგის“ კლუბ „ტიტებს“ წვრთნიდა და ამავდროულად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტობას ითავსებდა.
მარკოიშვილი „მონაკოსთან“ ერთად ახალ სეზონს „ევროლიგაში“ ბერძნულ „პანათინაიკოსთან“ შეხვედრით დაიწყებს.
მანუჩარ მარკოიშვილმა პროფესიონალური კარიერა 2000 წელს ბათუმში დაიწყო, საიდანაც მალევე იტალიურ „ბენეტონ ტრევიზოს“ მიაშურა. სათამაშო კარიერის განმავლობაში ის სხვადასხვა ევროპულ გრანდში, მათ შორის იტალიურ „კანტუში“, თურქულ „გალათასარაიში“, სლოვენიურ „ოლიმპიასა“ და მოსკოვის „ცსკაში“ ირიცხებოდა. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პროფესიონალური კარიერა 2019 წელს დაასრულა. მან ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან 2017 წლამდე იასპარეზა.
ყველა ახალი ამბავი
0