„ჩვენი გენეტიკა დამენანა აღსარევად“ – ვინ არის ამერიკაში მცხოვრები ქართველი „კუპიდონი“

© courtesy of Levan Namitcheishviliოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს ლევან ნამიჭეიშვილს და მის კეთილშობილურ საქმეს გაგაცნობთ.
„ქორწინება გამართლებულია მაშინ, როცა ოჯახს ერთნაირი ღირებულების მქონე ადამიანები ქმნიან“ – ამბობს ბატონი ლევანი. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამერიკაში ცხოვრობს, როგორც ყველა კარგ ქართველს, თავისი ერის მომავალი გულწრფელად ადარდებს.
ორი სიტყვით ლევან ნამიჭეიშვილზე მოგახსენებთ: ნიუ-იორკში მოხვდა ქუთაისიდან, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ასპირანტურაც იქ გაიარა. მანამდე, 90-იან წლებში ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო ფორმატში პრაქტიკაზე ჩავიდა. ძირითადი სამუშაოს პარალელურად ბიზნესის მენეჯმენტის ორწლიანი პროგრამა გაიარა და საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით მაგისტრის წოდება მოიპოვა.
საკუთარი დაკვირვების შემდეგ ოთხი შვილის მამა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბევრ ქართველს, რომელიც უცხოეთში შერეულ ქორწინებაში იმყოფება, თანაცხოვრების დროს გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ საკითხზე ბევრი ფიქრის მერე მან ამერიკული რეალობისთვის მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მასალიდან შეიტყობთ...
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი
ლევან ნამიჭეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი
- ბატონ ლევან, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ: დღევანდელი გადასახედიდან რა ასოციაციას იწვევს თქვენში მშობლიური ქუთაისი?
- რადგან ქუთაისში გავატარე ახალგაზრდობის წლები, აქედან გამომდინარე, იქ ბევრი საუკეთესო მეგობარი მყავს, ამდენად, ყველასთვის ქუთაისელად მოვიაზრები. თუმცა ამასთან ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მე ვარ იმ ქართული კერის შვილი, რომელსაც მსოფლიოს შეგნებული ანთროპოლოგები, ისტორიული და კულტურული წარსულიდან გამომდინარე, პირველწყაროდ მოიაზრებენ, ამ ადგილს ვანი ჰქვია. მე ოქროს საწმისის ისტორია საგზლად დამაქვს მთელი ცხოვრება და მას ვაცნობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან ნიუ-იორკში. ყველას ვუყვები, რომ ბავშვობაში იმ ფერდობებზე ვთამაშობდი, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XV-VIII საუკუნეებში კეთილშობილი მეტალების დამუშავების ხელოვნება, სხვა ადგილებთან შედარებით, ცოტა უფრო მაღლა იდგა. დაბნეულმა მსოფლიო მკვლევარებმა იქ განფესვებული ღირებულებების შეფასება ჯერაც ვერ მოახდინეს.
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი ახლობელთან ერთად
ლევან ნამიჭეიშვილი ახლობელთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი ახლობელთან ერთად
- რამდენადაც ვიცი, 90-იანებშიც დასაქმებული იყავით და პროფესიით მუშაობდით...
- მე ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი სამრეწველო ეკონომიკის სპეციალობით დავასრულე და ასპირანტურის პროგრამაც გავიარე. 90-იან წლებში, როცა ცხოვრება გართულდა, ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იყო, რადგან სამსახურის პოვნა არ გამჭირვებია. გარდამავალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში უცხო ენებით ვიყავი დაინტერესებული და თანაც ტექნიკური განათლება მქონდა, ეს კი დასაქმებისთვის კარგ წინაპირობად ითვლებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა საქალაქო საჯარო სამსახურები, სადაც ჩართული ვიყავი ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, განათლება, საფინანსო და ჯანდაცვის სამსახურები და ქართულ-გერმანული ურთიერთობები.
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი
ლევან ნამიჭეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი
- შეიძლება ითქვას, რომ იმ დროსთან ცუდი მოგონებები არ გაკავშირებთ?
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ვიხილე ჩაბნელებული და მშიერი საქართველო, მაღაზიების წინ საკვებზე გრძელი რიგები, თქვენ წარმოიდგინეთ, ის წლები მაინც ტკბილად მაგონდება. იყო აღმასვლა და იმედგაცრუებები, მაგრამ ამავე დროს პერსპექტიული განვითარების მოლოდინიც არსებობდა. თუმცა საქართველოში 2000 წლამდე ვიცხოვრე, მოლოდინმა არ გამიმართლა და არც სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს, ამიტომ ქვეყნის დატოვება მაინც მომიწია. რამდენიმე ჩემს თანაგუნდელთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო ფორმატში პრაქტიკაზე წამოვედი ამ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავდა, რომ პროექტის დასრულების შემდგომ ისევ იმ სიბნელეში უნდა დავბრუნებულიყავი. ეს კი ვეღარ გავბედე...
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ
ლევან ნამიჭეიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ
- ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება გარკვეული რისკი იყო თქვენთვის?
- ასეა. ამ დიდ და ჩემთვის უჩვეულო გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება გარკვეული რისკი იყო და მეც გავრისკე. როგორც ყველა ემიგრანტი (თუ ყველა არა, უმეტესობა), მძიმე შრომის ფასად აღებული საზღაურით კმაყოფილი ვიყავი. ძირითადი სამუშაოს პარალელურად ბიზნესის მენეჯმენტის ორწლიანი პროგრამის დასრულება მოვახერხე. შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით მაგისტრის წოდება მოვიპოვე და ბოლოს სადოქტორო პროგრამასაც შევეჭიდე. ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, ის დრო ჩემს მეხსიერებაში კეთილ მოგონებად დარჩა და არაფერს ვნანობ. სწავლაც იმისთვის მოვინდომე, იქნებ საქართველოში ვინმეს გამოვადგე–მეთქი. ბიზნესის ნიჭი არ მაქვს, თუმცა, პროფესიიდან გამომდინარე, შემიძლია საჭირო რჩევების მიცემა. დღეს ამერიკაში ახალგაზრდებს კოლეჯში შესასვლელი გამოცდებისთვის მომზადებაში ვეხმარები. ასევე ვეწევი კერძო საფინანსო მომსახურების საქმიანობას, რაც ამ ეტაპზე ჩემს საარსებო მინიმუმს აკმაყოფილებს.
© courtesy of Levan Namitcheishviliოჯახურ გარემოში
ოჯახურ გარემოში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ოჯახურ გარემოში
- საქართველოში დაბრუნების სურვილი შეინარჩუნეთ?
- დამიჯერეთ, ჩემი ყველა ძალისხმევა საქართველოში დასაბრუნებელი წინაპირობით აიხსნება. დღესაც კი, თუ რაიმეს ვაკეთებ, ამის მოტივაცია ისევ საქართველოში დაბრუნებაა. საქართველოში ჩვენი პრობლემების ასახსნელად ყოველთვის გარეშე მიზეზებს ვეძებთ და ჩვენი ეკონომიური სტაგნაციის რეალურ მიზეზს არ ვიძიებთ. იმისათვის, რომ რეგიონებში ინვესტირება მოხდეს, მას იქ უნდა ხვდებოდეს მომხმარებელი და შრომითი რესურსები. ჩვენთან ერთიცა და მეორეც დეფიციტშია. ემიგრაციაში ოთხი შვილი გავზარდე, მაგრამ არასდროს შემშინებია, რადგან საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა სერიოზულად მადარდებდა.
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი ქართულ საღამოზე ამერიკაში
ლევან ნამიჭეიშვილი ქართულ საღამოზე ამერიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი ქართულ საღამოზე ამერიკაში
- ვიცი, ეს პრობლემა თქვენთვის არ დარჩენილა განყენებულ თემად და იმაში, რომ ამერიკაში ბევრი ქართული ოჯახი შეიქმნა, უშუალოდ თქვენი ხელი ურევია...
- თავიდანვე გეტვით, რომ მაჭანკლობისგან და ამ საქმით ხელის მოთბობისგან შორს ვარ. ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ არის. მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს და მერე ისე ვიმალები, თითქოს იქ არაფერი მესაქმებოდა. როცა ამერიკაში მყოფ უამრავ ქართველს დავაკვირდი, აღმოვაჩინე, რომ ყველა მათგანი ერთი დილემის წინაშე დგას – ეს შრომითი რეჟიმის გამო ჩაკეტილი ცხოვრებაა. ბევრი მათგანი შერეულ ქორწინებაში იმყოფება და მათ შემთხვევაში ყველგან პრობლემური თანაცხოვრება დავინახე. ქორწინება გამართლებულია მაშინ, როცა ოჯახს ერთნაირი ღირებულების მქონე ადამიანები ქმნიან. ეს კი შერეულ წყვილებში ხშირად შეუძლებელია. თანაც, გულახდილად გეტყვით, ჯერ ქართული გენეტიკა დამენანა აღსარევად, მერე ჩვენი დაკარგული გენოფონდი მედარდება... ამიტომ როგორც კი თავისუფალ ქართველ ახალგაზრდას ვხვდებოდი, მაშინვე შინაგანი შფოთვა მეწყებოდა. ბევრი მათგანი ვცადე დამერწმუნებინა იმაში, რომ პოლიტიკური ძიძგილაობით და ლოზუნგური პროტესტებით გამოხატული პატრიოტიზმი სარგებელს არ მოგვიტანდა. ამას ჯობდა მყარ ოჯახებზე და ქართულ გენოფონდზე კონცენტრირება გაგვეძლიერებინა. ბევრი ფაქტორის მოშველიება მჭირდებოდა, მაგრამ დონ კიხოტივით არ ვნებდებოდი.
© courtesy of Levan Namitcheishviliლევან ნამიჭეიშვილი ქართველ ემიგრანტებთან ერთად
ლევან ნამიჭეიშვილი ქართველ ემიგრანტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ლევან ნამიჭეიშვილი ქართველ ემიგრანტებთან ერთად
- თქვენმა ამგვარმა „პროპაგანდამ“ თუ გამოიღო სასიკეთო შედეგი?
- დიახ, ბევრ შემთხვევაში ჩემმა პროპაგანდამ იმუშავა და უამრავი წყვილი შედგა. იყო შემთხვევები, როცა საერთოდ არ გამოვჩნდი და ირიბად ვიმოქმედე. ქართველი სხვაგან რომ არ წასულიყო მეწყვილის ძიებაში, შეხვედრებს ისე ვაწყობდი, თითქოს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ხშირად ეს ამართლებდა. ერთ დღესაც ემიგრანტ ქართველებში ხმა გავარდა, ლევანთან მიდით და მეწყვილის პოვნაში დაგეხმარებათო. ასე სიცილ-ხარხარში სკეპტიკურად განწყობილი ორი ახალგაზრდა ერთმანეთს შეხვედრია და მათი თანაცხოვრებაც ბედნიერად წარმართულა. სტატისტიკას არ ვაწარმოებ, არ ვიცი მათ შორის რამდენი ბედნიერი წყვილია, მაგრამ ვიცი, რომ ბევრია და ეს ძალიან მახარებს. უფლის წინაშე გულწრფელად ვლოცულობ იმისთვის, რომ ყველა ქართული ოჯახი ბედნიერი იყოს.
© courtesy of Levan Namitcheishviliქართველების შეხვდერა ამერიკაში
ქართველების შეხვდერა ამერიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
ქართველების შეხვდერა ამერიკაში
- ზოგადად როგორ გრძნობენ თავს ქართველები ამერიკაში?
- ადამიანი ბედნიერების მაძიებელია. მე აქ ქართველზე ბედნიერი ამერიკელი არ მინახავს. ქართველში სტუმარ-მასპინძლობა და შემწყნარებლობა იმდენად ჭარბადაა, რომ მთელ სამყაროს ეყოფა. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დახარჯულზე ნაკლებად დარდობს და ფულის ხარჯვის დროს პრიორიტეტები არ გააჩნია. ის, რაც ქართველს აშფოთებს, ამერიკელს შეიძლება საერთოდ არ ედარდებოდეს და პირიქით. რაც შეეხება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, დღეს, ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პირობებში მას დაახლოებით თანაბრად ვინაწილებთ. თუ მკითხავთ, მე სად ვარჩევ ცხოვრებას, გიპასუხებთ, რომ საქართველოში მირჩევნია. თუმცა „იმ მატარებელს“, მგონი, უკვე ჩამოვრჩი... თუ დავეწიე, ხომ კარგი, თუ არა და...
ყველა ახალი ამბავი
0