„საუკუნის პროექტი“ წამგებიანია? ექსპერტების მოსაზრება ახალ გზაზე

© Roads Department of Georgiaგვირაბის მშენებლობა
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ერთხმად საუბრობენ პროექტის დიდ მნიშვნელობაზე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, დახარჯული თანხის ამოღებას დიდი დრო დასჭირდება.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის ახალი მონაკვეთი მთელი წელი იმუშავებს – ამჟამად ის წელიწადში 100 და მეტი დღით იკეტება ზვავსაშიშროების გამო. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე იმ დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, რომლებიც ჯვრის უღელტეხილის ჩრდილოეთით არიან, უწყვეტი კავშირი ექნება დანარჩენ საქართველოსთან, ხოლო ტვირთბრუნვა რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის გაიზრდება.
დეტალურ მიმოხილვას გაეცანით Sputnik-ის მასალაში.
საუკუნის პროექტი
საქართველოში ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. გზა რუსეთთან საქართველოს დამაკავშირებელი სამხედრო გზის ყველაზე რთული მონაკვეთის ალტერნატივაა.
ირაკლი ღარიბაშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
საქართველოს პრემიერმა ახალი გვირაბის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა
მოქმედი გზატკეცილი ზამთრის პერიოდში ზვავების ჩამოწოლის საფრთხის გამო წელიწადში დაახლოებით 100 დღით იკეტება ხოლმე. 22,7 კმ სიგრძის ახალი შემოვლითი გზა, 6 ხიდითა და 5 გვირაბით, როგორც მოსალოდნელია, მთელი წელი იმოქმედებს, მძღოლები კი „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დიდი ხნით აღარ შეყოვნდებიან.
პროექტის მთლიანი ღირებულება 400 მლნ დოლარია. თანხა კრედიტის სახით აზიის განვითარების ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყვეს. პროექტის მშენებლობაში ინვესტიცია საქართველოს მთავრობამაც ჩადო.
მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
ახლა მიმდინარეობს ჯვრის უღელტეხილის ქვეშ 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. მშენებლობას უძღვება ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co, Ltd (CRTG), რომელმაც დაამზადა საბურღი მანქანა დაბალი ვიბრაციით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მთის ჩამოშლის ალბათობა და გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვირაბისა და ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობას „საუკუნის პროექტი“ უწოდა.

„ეს ნამდვილად საუკუნის პროექტია, რადგან წელიწადში ასი დღე ეს გზა ჩაკეტილია. შესაბამისად, პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა გვირაბის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე.

მისი თქმით, ამ გზაზე დღეში 3-4 ათასი მანქანა მოძრაობს. მათი 70% მსუბუქი ავტომობილია, დანარჩენი – სატვირთო.
მოსალოდნელია, რომ 2022 წელს „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა 6,5-ჯერ გაიზრდება – წლის შუა პერიოდში დასრულდება საკონტროლო-გამშვები პუნქტისა და გზის მიმდებარე მონაკვეთის კაპიტალური შეკეთება. ამაზე ერევანში სომხეთ-რუსეთის ბიზნეს-ფორუმზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ისაუბრა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების გასაღები
პროექტის მთავარი ღირებულება საქართველოს შიდა სატრანსპორტო კომუნიკაციების გაუმჯობესებაა – მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, „სამხედრო გზის" მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დანარჩენ ქვეყანასთან უწყვეტი კავშირი ექნება.
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
როგორ განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს 10 წელიწადში
ამასთან, სატრანზიტო ტვირთი გუდაურის კურორტს გვერდს აუვლის. ეს, ერთი მხრივ, განტვირთავს კურორტის მახლობლად საგზაო მოძრაობას, მეორე მხრივ, ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება. პროექტის ფარგლებში გუდაურში გაიყვანენ 5 კმ-იან გზას და ააშენებენ ტურისტულ ცენტრს, რამაც მთელი რეგიონის ტურისტული პოტენციალი უნდა გაზარდოს.
პროექტის კიდევ ერთი უპირატესობაა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვის გაუმჯობესების პოტენციალის გაზრდა („საქართველოს სამხედრო გზა" დღეს ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან და სომხეთთან აკავშირებს - რედ.)
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის (GIRCA) გენერალური მდივანი გია წიფურია დარწმუნებულია, რომ პროექტი მოაგვარებს „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებულ პრობლემებს და დაუბრკოლებელ სატრანსპორტო კავშირს უზრუნველყოფს. მისი თქმით, პროექტის რეალიზება შეამოკლებს გზას 12 კილომეტრით, ლარსამდე მგზავრობის დროს კი პრაქტიკულად ორჯერ შეამცირებს.
როგორც გია წიფურია აღნიშნავს, ყოველწლიურად სომხეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის მიმართულებით და უკან გადამზიდავები მინიმუმ 10 ათას რეისს ასრულებენ. წელს ეს რიცხვი შესაძლოა 15 ათასამდე გაიზარდოს ხორბლისა და სხვა მარცვლოვანი კულტურების მიწოდების ხარჯზე.

„ამ გზისა და გვირაბის მშენებლობა გადაჭრის ჯვრის უღელტეხილზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის მრავალწლიან პრობლემას, რომელიც ზვავის ჩამოწოლის საფრთხეს უკავშირდება, – აღნიშნავს რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის დოცენტი ალექსანდრ ტიმოფეევი. – ეს გზა იმავდროულად არის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც რუსეთთან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსაც აკავშირებს“.

ექსპერტის აზრით, ახალ გზას ექნება ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალს გააუმჯობესებს და რეგიონს გამოაცოცხლებს.
„ახალი გზები რეგიონებში ნიშნავს მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციას და დასაქმებას“, – ამბობს ალექსანდრ ტიმოფეევი.
„საქართველო ისტორიულად აბრეშუმის გზის საკვანძო წერტილში მდებარეობს და ამჟამად საკვანძო მდგომარეობაშია, რადგან აკავშირებს ლოგისტიკას ევროპასა და აზიას შორის, – განაგრძობს ალექსანდრ ტიმოფეევი. – ასეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციაში მნიშვნელოვან რგოლად აქცევს, ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის სათანადო და ეფექტური ფუნქციონირება მისი ეკონომიკური განვითარების გასაღებია“.
რას მიიღებს სომხეთი?
გზის ის მონაკვეთი, რომელზეც დღეს გვირაბი გაჰყავთ, ხშირად დახურულია ზვავსაშიშროების გამო. შესაბამისად, მცირდება საქართველოს სატრანზიტო შემოსავალი და სომხეთის შემოსავალი, რომელიც ტვირთს რუსეთში გზავნის.
მოსალოდნელია, რომ ახალი გზა „ზემო ლარსისკენ“ მიმავალ სომეხ ექსპედიტორებს კვირებით აღარ დააყოვნებს და საგრძნობლად შეამცირებს მგზავრობის დროს. რაც მთავარია, მოძრაობა მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
გზა ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას
„პროექტი, რომელსაც დღეს საქართველო ახორციელებს, მეტად საჭიროა სომხეთისთვისაც – ახალი გზიდან ძალიან ბევრს ველით, – აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას სომხეთის სატრანსპორტო ექსპედიტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ეგიშე ოვანისიანმა. – დიდი სამამულო ომის დროს გზას ლადოგის ტბაზე, რომელიც ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადისკენ მიდიოდა, „სიცოცხლის გზას“ უწოდებდნენ. დღეს სომხეთისთვის მსგავს როლს ასრულებს საქართველოს სამხედრო გზა. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ინტენსიურად განვითარდა ეკონომიკური კავშირები გაერთიანების დანარჩენ წევრ ქვეყნებთან, გაიზარდა ტვირთბრუნვა. თუმცა ერთადერთი გზა, რომელიც დღეს ამ ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოს სამხედრო გზაა – ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან დამაკავშირებელი მთავარი გასასვლელია“.
თუმცა, მისი სიტყვებით, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“, რომელზე რეაგირებაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მართებს – რუსეთს, საქართველოს და სომხეთს.
„გასაგებია, რომ გზა გაზრდის გამტარუნარიანობას, მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება ტვირთბრუნვის გაზრდა საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ არის სუფთა ტექნოლოგიური პრობლემები, რომლებზე რეაგირებაც სამივე ქვეყანას მართებს, – ამბობს ეგიშე ოვანისიანი. – აუცილებელია, რომ საბაჟო, რომელიც ემსახურება ტვირთების ნაკადს რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შეესაბამებოდეს ტვირთის ნაკადის მოცულობას, რომელიც ახალი გზატკეცილის ამოქმედების შემდეგ გაჩნდება. მთავარია, საბაჟო პროცედურების ტექნოლოგიური დონე შეესაბამებოდეს გზის გაზრდილ გამტარუნარიანობას, რათა საბაჟო მზად იყოს, ოპერატიულად მოემსახუროს ტვირთის გაზრდილ ნაკადს. მნიშვნელოვანია, ტვირთბრუნვა არ ჩერდებოდეს“.
მაგრამ ჯერჯერობით, ექსპერტების თქმით, რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე ხშირად იქმნება მრავალკილომეტრიანი „საცობები“. „წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი იკარგება ამის გამო – მანქანები ჩერდებიან, წარმოიქმნება ზედმეტი ხარჯი. თუ ყველაფერი ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა, ეს ბიზნესმენებს მისცემს სტიმულს, გაზარდონ ექსპორტი და იმპორტი ყველა მხრიდან“, – დაასკვნა მან.
„გზა, რომელიც არსად მიდის?“
ახალი გზა ორი მიზნით შენდება, ამბობს სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი ზუბეცი.
პირველი – საქართველოს ტერიტორიაზე კავშირის გაზრდაა. ქვეყანაში არის დასახლებული პუნქტები, რომლებიც დანარჩენ ქვეყანას შეიძლება მოწყდნენ სამხედრო გზაზე ზვავის ჩამოწოლის გამო. ამიტომ შიდა კომუნიკაციისთვის აღნიშნული პროექტი უდავოდ სასარგებლოა.
რიკოთზე აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალზე ახალი მონაკვეთის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
რიკოთის გზის პირველი, 2-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
მეორე მიზანია გარე კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან, მათ შორის, რუსეთთან.
„დეტალურად განვიხილოთ მეორე მიზანი: საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სუსტია – ის გამუდმებით დეფიციტურია, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა – დაახლოებით 10%, მუდმივი უარყოფითი სავაჭრო ბალანსია... მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს არაფერი აქვს საექსპორტო. ქვეყანა აბსოლუტურად დეპრესიული ეკონომიკით, სერიოზული საკუთარი წარმოების გარეშე, საკმაოდ ღარიბი მოსახლეობით და მშპ-სთან მიმართებით 60%-ზე მაღალი სახელმწიფო ვალით. საქართველო პრაქტიკულად ვალებით ცხოვრობს. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი გზა გაამარტივებს სავაჭრო ნაკადის მოძრაობას, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა – რა ნაკადია ეს? საქართველო არ ეწევა რაიმე ისეთის ექსპორტს, რასაც ამ გვირაბის აშენება დასჭირდებოდა. მართალია, ექსპორტით გადის დიდი ოდენობით ღვინო, ყველაფერი დანარჩენი, დიდწილად ეს მეზობელი სახელმწიფოების ამა თუ იმ პროდუქციის ხელახლა გაყიდვაა. ანუ საქართველო ერთგვარი ჰაბის როლს ასრულებს როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის. ამისათვის გვირაბის გაყვანა საჭირო არ არის“, – ფიქრობს ალექსეი ზუბეცი.
თუ საქართველოს იმის იმედი აქვს, რომ ახალი გზის მეშვეობით ტრანზიტს შეუწყობს ხელს, რუკის თვალის გადავლებისას გამოჩნდება, რომ ორი მთავარი გარეშე პარტნიორი, რომლებსაც შეუძლიათ ამ მაგისტრალით სარგებლობა – თურქეთი და ირანი არიან, განაგრძობს ექსპერტი.
მისი თქმით, რუსეთში ირანიდან მიმავალი უფრო ხელსაყრელი მარშრუტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. ამიტომ საქართველოსკენ ირანიდან ტვირთს არ გამოგზავნიან. თურქეთიდან რუსეთში ტვირთი იგზავნება ან ზღვით ან ევროპის გავლით. კომუნიკაცია მოწესრიგებულია და თურქებს ეს გზა არ სჭირდებათ.
„შესაბამისად, ლოგიკური თვალსაზრისით, ეს გზა არსაიდან მოდის და არსაით მიემართება. ერთადერთი გარეშე პარტნიორი, რომელიც ამ პროექტით იხეირებს – სომხეთია. დღეს ეს გზა მისი ერთადერთი კავშირია რუსეთთან. მაგრამ მაინც, 10-15 ათასი რეისი წელიწადში – ბევრი არ არის. ეს არ არის დატვირთვა, რომელმაც შეიძლება აანაზღაუროს 400 მლნ დოლარად შეფასებული პროექტი. ასეთი პროექტის ასანაზღაურებლად აუცილებელია გაცილებით მეტი თანხის შემოდინება“, – დარწმუნებულია ალექსეი ზუბეცი.
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
2022 წლისთვის „ზემო ლარსის“ გამტარუნარიანობა 6,5-ჯერ გაიზრდება
ექსპერტი სვამს კითხვას: თუ საქართველო აშენებს 400 მლნ დოლარის ღირებულების გზას და ამ ინვესტიციას ვერ ამოიღებს, როგორ აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე? „დიახ, ეს საინტერესო პროექტია, მაგრამ ქვეყნის შემოსავლის კუთხით ძალიან საეჭვოა. რადგან ფული, რომელიც მან აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღო – საჩუქარი არ არის, არამედ კრედიტია, რომელიც ადრე თუ გვიან უკან უნდა დააბრუნოს. მაგრამ საკითხავია, რომელი შემოსავლიდან გახდება შესაძლებელი მისი დაბრუნება? პროექტი ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი იქნება“, – მიიჩნევს იგი.
საინტერესო ანალოგიის სახით შეიძლება მოვიშველიოთ გზის მშენებლობის პროექტი ბარიდან (მონტენეგრო) სერბეთში, რომელსაც ბელგრადისთვის ზღვაზე გასასვლელი უნდა მოეტანა, აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი.
„ლეგენდარული გზაა. თავის დროზე ჩინეთის ექსპორტის ბანკმა ამ გზის ასაშენებლად ინფრასტრუქტურული კრედიტი გამოყო. მონტენეგროელები გეგმავდნენ, რომ დანახარჯს ამოიღებდნენ ფასიანი მგზავრობის წყალობით და ეს საკმარისი იქნებოდა სესხის დასაფარად. მათ აიღეს კრედიტი, ჩინელებმა გზა ააშენეს. მაგრამ გზაზე მგზავრობის მსურველი არც ისე ბევრი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ახლა პანდემიაა, ტურიზმისა და სხვა დანარჩენი მიმართულებით არც ისე კარგადაა საქმე. შედეგად – მონტენეგრო გზის მშენებლობაზე დახარჯული თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს, მათ ფული არ აქვთ. კრედიტის პირობებით კი, თუ ისინი თანხას ვერ აბრუნებენ, გზა ჩინეთს რჩება (მასმედიის ცნობით, ჩინეთის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს ბარის ნავსადგურიც - Sputnik). შედეგი არის კოლოსალური სკანდალი – მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯუკანოვიჩს ქვეყნის გაკოტრებაში ადანაშაულებენ“, – ამბობს ექსპერტი.
მონტენეგროსთვის ეს გზა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სტიმულად არ იქცა, აღნიშნავს იგი, რადგან ყველა ბენეფიტი ჩინელებმა მიიღეს.
გზა-გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალ ახალი გზა აშენდება - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გზა–გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალი ახალი გზა აშენდება
„მონტენეგროელებს ძალიან ცოტა ფული ერგოთ. შედეგად – ტვირთი მონტენეგროს დააწვა, არავინ იცის, რა მოუხერხონ ამ გზას. ვაითუ ეს ისტორია საქართველოშიც განმეორდეს, როდესაც ქვეყანა სესხით ახორციელებს ძვირადღირებულ, 400 მლნ დოლარიან პროექტს – ეს კი საქართველოსთვის ძალიან ბევრია – გაჰყავს გზა არსაიდან არსაით, რომლის მნიშვნელობაც ტრანზიტისთვის მინიმალურია“, – აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი.
რაც შეეხება პოტენციურ შემოსავალს, ექსპერტის ვარაუდით, იმ პირობით, რომ გზა ფასიანი იქნება, ტვირთის ნაკადი კი საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს შორის გაიზრდება, თბილისმა შეიძლება წელიწადში 2-3 მლნ დოლარი მოგება ნახოს. „მეტის მიღწევა როგორ შეიძლება – ვერ წარმომიდგენია“, – ასკვნის ექსპერტი.
ყველა ახალი ამბავი
0