ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, კრწანისი – რამდენ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება, მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართები დამატებით 47 ოჯახს დაუკანონდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამჯერად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.

„მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება. აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ადამიანებს და ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
ყველა ახალი ამბავი
0