თბილისის ზოოპარკში სპილოებს პედიკურს უკეთებენ

სპილოები - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
თბილისის ზოოპარკში სიახლეა – სპილოების წყვილს „გრანდს“ და „მალკას“ ყოველდღე კოსმეტიკური პროცედურებით ანებივრებენ.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ ორ სპილოს – „გრანდს“ და „მალკას“ პედიკურს უკეთებენ.
როგორც „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში სპილოების მომვლელმა განაცხადა, ეს პროცედურა ცხოველებს მოსალოდნელი ინფექციებისგან იცავს. სპილოები პროცედურას შეეჩვივნენ და როდესაც ერთი ადამიანი მათ კვებავს, ამ დროს მეორე თავისუფლად უკეთებს სპილოს პედიკურს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მათ სტუმრად გერმანელი ტობიას დორნბუში ჰყავდათ, რომელიც დაეხმარა, რომ სპილოები პედიკურის გაკეთების პროცედურას შეჩვეოდნენ.

„არა, ლაქს არ ვუსვამთ, უბრალოდ სპილოები ზოოპარკში იმდენ მანძილს ვერ გადიან, რამდენსაც ბუნებაში, ამიტომ ფრჩხილები ბუნებრივად არ უცვდებათ და მათი ხელით დამუშავებაა საჭირო, რომ ინფექცია არ შეეჭრათ. სპილო თუ მომზადებული არ იქნა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გამოეკიდება მომვლელი ინსტრუმენტებით ხელში და როგორ დააქლიბავს გზადაგზა ფრჩხილებს. ახლა კი გრანდმა და მალკამ იციან, რომ გარკვეულ ნიშანზე ბარიერთან უნდა მოვიდნენ, რიგ-რიგობით დადონ ჯერ წინა, შემდეგ უკანა ფეხები და მორჩილად იდგნენ, სანამ მომვლელები მათ ფრჩხილებს მოუწესრიგებენ“, – განმარტა ზოოპარკის ადმინისტრაციამ.

სპილოები „გრანდი“ და „მალკა“ წყვილია. თბილისის ზოოპარკს რამდენიმე წლის წინ „მალკა“ და მისი ნაშიერი „ბუნკა“ ჰყავდა. როდესაც „ბუნკა“ წამოიზარდა, სპილოების გამრავლების მიზნით ის დედას მოაშორეს და მის მაგივრად „მალკას“ ერევნიდან „გრანდი“ ჩამოუყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0