საბანკო სექტორის თავგადასავალი, ანუ არნახული მოგება. მაგრამ რის ხარჯზე?

© Sputnik / STRINGERქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
რა ხდება კომერციულ ბანკებში, როგორ მოახერხა საბანკო სექტორმა პირველ შვიდ თვეში რეკორდულ მოგებაზე გასვლა? საბანკო სფეროს ექსპერტთა და ანალიტიკოსთა შეფასებები.
წინამდებარე სტატიაში საბანკო სექტორის მორიგ თავგადასავალს გიამბობთ. ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კომერციული ბანკები სოლიდურ მოგებაზე გავლენ. ვიცი, ეს ამბავი ჩვენს მკითხველს არ გაუკვირდება. არახალია, საბანკო საქმე ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია და უკვე მრავალი წელია საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები და მოგება სულ უფრო მზარდია.
გამონაკლისი არც მიმდინარე წლის პირველი ნახევარი იყო. როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებით ირკვევა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად კომერციული ბანკები იანვარი–ივნისში მილიარდიან მოგებაზე გავიდნენ. კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ივლისის თვეში საბანკო სექტორის მოგებამ დამატებით კიდევ 177,9 მილიონი ლარი შეადგინა. ასე რომ, შვიდი თვის შედეგებით, ჯამურად მოგება 1,24 მილიარდი ლარია, რაც დღემდე არნახული მაჩვენებელია.
ტანსაცმლის მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
რამდენით და რატომ გაგვიძვირდა ცხოვრება?
შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი. თანაც ეს მაშინ, როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას სერიოზული გამოწვევები აქვს. პირველ რიგში ეს არის: ორნიშნა ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაზრდილი საგარეო ვალი, რომელიც უკვე დიდი ხანია გასცდა მთლიანი შიდა პროდუქტის კანონმდებლობით დაშვებული 60 პროცენტის ზღვარს...
საინტერესოა, როგორი იყო საბანკო სექტორის მოგების დინამიკა თვეების მიხედვით. პირველ შვიდ თვეში ყველაზე მომგებიანი ივნისი აღმოჩნდა, როდესაც კომერციული ბანკების მოგებამ 294,6 მილიონი ლარი შეადგინა. იანვრის მოგების მაჩვენებელი 113,4 მილიონი ლარია, ხოლო თებერვლის − 132 მილიონი ლარი. კომერციული ბანკები მარტში 166,3 მილიონი ლარის, ხოლო აპრილში − 173 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდნენ. მაისში საბანკო სექტორის მოგებამ 204 მილიონი ლარი შეადგინა. ივლისის მაჩვენებელი 178 მილიონი ლარია. სულ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში კომერციულმა ბანკებმა შემოსავლის სახით 3,39 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 პროცენტით მეტია. მათ შორის სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 2,34 მილიარდი ლარია. საკომისიოებიდან, საურავებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 259 მილიონი ლარი შეადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
რა რის ფასად? ანუ 75 მილიონი ევროს ამბავი
პირველი ექვსი თვის შედეგებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, საბანკო სფეროში რომელი კომერციული ბანკი ლიდერობს. მოგების 45,8 პროცენტი, ანუ 486 მილიონი ლარი „თიბისი ბანკს“ ეკუთვნის, რომელიც მის უშუალო კონკურენტს, „საქართველოს ბანკს“ ბოლო წლებში ფაქტობრივად ყველა კომპონენტში ჯობნის. საანგარიშო პერიოდში მეორე პოზიცია სწორედ „საქართველოს ბანკმა“ დაიკავა. მისი მოგება 435 მილიონი ლარი იყო. ასევე პირველ სამეულშია სიდიდით ქვეყნის მესამე ბანკი „ლიბერთი ბანკი“, რომლის მოგებამ წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 23 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წილობრივად საბანკო სექტორის მთლიანი მოგების 2,3 პროცენტზე ნაკლებია. სხვა კომერციული ბანკების წილი კი ან 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, ან 1 პროცენტზეც ნაკლებია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მილიონიან ნიშნულს კიდევ ექვსი ბანკის მოგებამ გადააჭარბა. ესენია: „პროკრედიტ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „კრედო“, „ქართუ ბანკი“, „ბაზისბანკი“ და „ტერაბანკი“. ერთ მილიონ ლარზე ნაკლები იყო „სილქ როუდ ბანკისა“ და „ზირაათ ბანკის" მოგება, ხოლო "პაშა ბანკი" 1,4 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა.
ერთი სიტყვით, საბანკო სექტორის მოგების 87 პროცენტი სულ ორ კომერციულ ბანკზე, „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. აქვე აღვნიშნავ, საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში ამ ორი ბანკის წილი 77 პროცენტია, ხოლო გაცემულ სესხებსა და დეპოზიტებში – 67 პროცენტი. მთლიანი აქტივების მოცულობა რამდენია? − ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის შედეგებით, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 57,03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11,6 პროცენტით აღემატება. მთლიანი აქტივების წილის თითქმის 70 პროცენტი 39,6 მილიარდი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელს უკავია. უკვე გაცემული სესხებიდან კომერციული ბანკები 623 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალს ელოდებიან. მთლიან აქტივებში ნაღდი ფულის მოცულობა 2,2 მილიარდი ლარი იყო, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების მოცულობამ კი 5 მილიარდი ლარი შეადგინა. ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ღირებულება 1,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. სააქციო კაპიტალი მხოლოდ 7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების სულ 12,4 პროცენტია.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სამი მეზობლის ყოფის ამბავი, ანუ სად რამდენი და როგორ?
ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ. საინტერესოა, მაინც რამ განაპირობა კომერციული ბანკების ჯერ არნახული მოგება?
საბანკო სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მსგავსად კომერციული ბანკების შთამბეჭდავი მოგების მთავარი მიზეზი ცუდი საბაზისო წელია. მართალია, სხვა სფეროებისგან განსხვავებით გასულ წელს საბანკო სექტორი ზარალზე არ გასულა, მაგრამ მოგება 8,5-ჯერ – 99 მილიონ ლარამდე შეუმცირდა. კომერციულმა ბანკებმა კონსერვატიული მეთოდით იხელმძღვანელეს და კრიზისის პერიოდში სავალდებულოზე მეტი თანხები დაარეზერვეს, ხოლო მიმდინარე წელს ეს რეზერვები ბრუნვაში გაუშვეს, რამაც მათი მოგება კიდევ უფრო გაზარდა.
ანალიტიკოთა უმრავლესობის მოსაზრებით, კომერციული ბანკების მოგებაზე გავლენას სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს. ესენია: სავალუტო რყევები, გაზრდილი საკომისიოები და რეფინანსირების მაღალი განაკვეთი.
„კომერციული ბანკების მოგების ზრდის ბევრი მიზეზი არსებობს. მუდმივად მატულობს რეფინანსირების განაკვეთი და ბანკებში სავალუტო ოპერაციებიდანაც დიდი ფული შედის. ამ სიტუაციაში მხოლოდ ხალხი ზარალდება. პანდემიისას შეღავათი მხოლოდ გასული წლის სამი თვის განმავლობაში მოქმედებდა. მომხმარებლებს საბანკო ვალდებულებების გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს, მაგრამ შემდეგ ერთიანად დაარიცხეს თანხა, უფრო მეტად დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი. ვინც სესხს ვერ იხდის, მათგან ახლა ჯარიმების სახით ამოაქვთ ფული და ამის გამო მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ჩვენი მოქალაქეები უკვე ვეღარ შეძლებენ საბანკო ვალდებულებების მომსახურებას. ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ბანკები რჩებიან მოგებულ პოზიციაზე“, − აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია.
კომერციული ბანკების სამჯერ გაზრდილ მოგებას საყურადღებო ტენდენციად მიიჩნევს ანალიტიკოსი ლია ელიავა. მისი შეფასებით, საბანკო სექტორის მაღალი სარგებელი ადამიანების მასიური გაღარიბებისკენ არის მიმართული.
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
,,მძიმე ვითარებაა. ივლისში კომერციული ბანკების მოგება სამჯერ მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს საყურადღებო ტენდენციაა, ვინაიდან კომერციული ბანკების აქტივების ზრდა შეადგენს მხოლოდ 1 პროცენტს. ცხადია, რომ სავალუტო რყევებით საბანკო სექტორში სარფიანად სარგებლობენ, მაგრამ ამ პროცესს რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ხელს უწყობს ეროვნული ბანკიც. ცხადზე ცხადია, კომერციული ბანკების მოგების ზრდა მათი ეფექტიანი გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით არ არის განპირობებული. მათი მოგების წლიური დინამიკა მიუთითებს, რომ პერიოდულად საკმაოდ დიდი დანაკარგებიც აქვთ, რაც წარმატებით შეიძლება აინაზღაურონ“, − აცხადებს ანალიტიკოსი ლია ელიავა.
დასკვნის სახით: მიუხედავად იმისა, რას ამბობენ საბანკო სფეროს ექსპერტები, როგორია ანალიტიკოსთა შეფასებები, ფაქტია, ქვეყანაში, სადაც ცხოვრება ყოველთვიურად ძვირდება და უკვე ორნიშნა ინფლაციაა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ქვეყნის მთავარ პრობლემებად უმუშევრობასა და სიღარიბეს ასახელებს, არსებობს ბიზნესი, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა წლიდან წლამდე რეკორდულ მოგებაზე გადის. არავინ იფიქროს, რომ საბანკო სექტორის მოგების მშურს, არა, უბრალოდ მსურს, რომ ეს მოგება ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების შედეგი იყოს და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0