ჯიბეში აყვავებული იები და ნაზარეველი, რომელიც Eko & Vinda Folio-ს კომპოზიციას უკრავს

© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
სამყაროს შეგრძნებების დონეზე აღიქვამს და სათქმელს ისეთ პოეტურ, თანაც, მინიმალისტურ ფორმას უძებნის, რომ ალექსანდრე ნარსიას ლექსებს ბევრის დაწერილისგან გამოარჩევ.
დღეს ჰოლანდიაში ცხოვრობს და როტერდამის ერთ-ერთ IT–კომპანიაშია დასაქმებული. საბედნიეროდ, ემიგრანტულმა პროზაულმა ყოფამ მასში მთავარი ვერ შეცვალა. მალე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი მისი ლექსები ადგილობრივ ნიდერლანდურ გაზეთში დაიბეჭდება. დანარჩენი ამბების გაგებას მისგან ვეცდებით...
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- ალექსანდრე, რადგან მინიმალისტი ხართ, ორი სიტყვით რას იტყვით საკუთარ თავზე?
- მე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთიდან ვარ, ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. საქართველოში მყავს დედა. ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში. ორასი გრამი ქართული მიწით იქაურ სურნელს დავატარებ და ლამისაა გულისჯიბეში იები ამიყვავდეს – აი, ორი სიტყვით ესაა...
- როგორც მივხვდი, ამით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვითხარით...
- ჩემი აზრით, რაც უფრო დიდია სიყვარული, უფრო არ ითხოვს ბევრ და ზედმეტ სიტყვებს, მით უფრო, თუ ეს დედაზე დაწერილი ლექსია:
და მთელი ღამე
სულ ამაოდ
ცდილობდა წვიმა,
რომ დედაჩემის
ხმაზე ემღერა
მეგრული ნანა...
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- პოეზიამდე, ლიტერატურამდე როგორ მიხვედით?
- ჩემი ბავშვობა მდიდარი იყო, არა მატერიალურად, არამედ გარემოებებიდან და იმ სიყვარულიდან გამომდინარე, რაშიც ვიზრდებოდი. ჩემი მშობლების ცხოვრება პოეზიასთან ურთიერთობა იყო. მამიდაჩემის მიერ წაკითხული წიგნები და მამის ბუხართან მოყოლილი ზღაპრები ისეთ გავლენას ახდენდა ჩემზე, რომ სულ ვფიქრობდი, რა საოცარი სამყაროა და რა საინტერესო ამბები ხდება–მეთქი! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავუახლოვდი ლიტერატურას და ერთ დღესაც მისი ნაწილი გავხდი.
- თქვენი ბევრი ლექსი ბავშვობის გამოძახილია...
- ეს ბუნებრივიცაა – იქიდან მოდის ჩემი შეგრძნებები და დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ. ეს ლექსიც ამის დასტურია:
დავაბრუნებდი, რომ შემეძლოს
დროს ბავშვობაში, და აღვადგენდი
იმ დანგრეულ მერცხლების ბუდეს...
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- როგორ აღმოჩნდა სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, რომელიც ლექსებს წერს, ნიდერლანდის IT სფეროში?
- რა ვიცი, ცხოვრება მშვენიერია და მრავალფეროვანი... საქართველოში ძირითადად სტუდენტობისას ვმუშაობდი. ჰოლანდიაში ერთ-ერთ კომპანიაში 5G ინტერნეტის დაქსელვას ვახორციელებ, აბონენტებთან ახალი მოდელის ინტერნეტი მიგვყავს. ჰოლანდიამ ძალიან კარგად მიმიღო, აქ მადლიერების ფასი ვისწავლე, რადგან ყველა ყველაფერზე მადლობას გიხდის. აქ არავის აქვს ყალბი ნიღაბი, ის არიან, ვინც არიან. რაც მთავარია, გულწრფელობას აფასებენ...
- პოეზია რა არის თქვენთვის?
- ჩემთვის პოეზია დიდი დაკვირვებაა ყველა მოვლენაზე, საკუთარ ფიქრზეც კი. რომ არა პოეზია, ცხოვრება გამიჭირდებოდა. პოეზიით ცხოვრების მშვენიერებას ვაკვირდები, აღვიქვამ და გამოვხატავ.
რამდენი ამბავი იციან ჩრდილებმა,
მგზავრების მიერ მოყოლილი – შესვენებისას,
თუმც არც ერთ მათგანს ეს მზისთვის
არ გაუმხელია...
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- გავიგე, რომ მალე ჰოლანდიაში თქვენი ლექსები დაიბეჭდება...
- დიახ, ბედნიერი ვარ – მალე ჰოლანდიის ადგილობრივ გაზეთში, ლექსებთან ერთად, ჰოლანდიაზე ჩემი შთაბეჭდილებებიც დაიბეჭდება. ჩემი ლექსები ინგლისურად ქალბატონმა მზია ლოურენს-კვირიკაშვილმა თარგმნა და მისი მადლობელი ვარ. საქართველოში, „ლიტერატურულ გაზეთში“ ვიბეჭდები ხოლმე და ამისთვის ბატონ ვახტანგ ჯავახაძეს მინდა მადლობა გადავუხადო.
- პატარა ჩანახატი გაქვთ ღმერთზე, რომელსაც ვეძებთ. იქნებ ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენოთ ის...
- მე დაგინახე, ნაზარეველო!.. გუშინ მიწისქვეშა გადასასვლელში იდექი და Eko&Vinda Folio-ს კომპოზიციას უკრავდი, არავინ გისმენდა, კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები თუ პირიქით. არც მე მოგისმინე, ლექციაზე მაგვიანდებოდა. სწრაფად ავირბინე კიბე, შენი ხმაც გამომყვა. ვიფიქრე, ხვალ ისევ აქ გამოვივლი, ისიც აქ იქნება, დავრჩები და მოვუსმენ–მეთქი... იმ „ხვალიდან” დაწყებული, წელიწადია ამ გზას გავდივარ, ეს შემოდგომაც მიილია, შენ იქ არ დგახარ, ნეტავ სად უკრავ, სად წახვედი, რომელ ქალაქში, რომელ მიწისქვეშა გადასასვლელში დგახარ და მღერი. გთხოვ, დაუბრუნდი ისევ ჩვენს ქალაქს, ისევ გვიმღერე და გპირდებით, მოგისმენთ, ყველა ჩამოსვლაზე შევჩერდებით მთელი ქალაქი, ოღონდ დაბრუნდი ნაზარეველო, ოღონდ დაბრუნდი!..
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- რწმენაზე გაქვთ ლექსი, სადაც ერთ სტროფშია ყველაფერი გადმოცემული.
- ალბათ ამ ლექსს გულისხმობთ:
და თქვენი ჯვარი ქრისტეს გარეშე,
ეს მხოლოდ ცივი იარაღია...
- ვინ არიან ადამიანები, ვინც ცხოვრებაში თავი დაგამახსოვრათ?
- მე სასულიერო სემინარია დავამთავრე და იქ სწავლის წლები ყველაზე ამაღელვებელი დრო იყო ჩემთვის, საუკეთესო ადამიანების გაცნობის და მეგობრების შეძენის წლები. განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ ჩემს ლექტორს, ქალბატონ რუსუდან შავიშვილს, თვალებში შუქჩამდგარ ამ ადამიანთან ყოველი შეხვედრა ისეთ შეგრძნებას მიჩენდა, თითქოს დედასთან ვიყავი. ასევე სიამოვნებით ვიხსენებ ბატონ გიორგი ირემაძეს, რომლის დინჯი, ლოგიკური საუბრები ღრმა ინტელექტით იყო გაჯერებული. ეს პიროვნება თვითდამკვიდრებაში მეხმარებოდა. მინდა ვახსენო პირიმზე რურუაც, ჩემი ისტორიის ლექტორი, რომლისგანაც ვისწავლე სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. ამ ადამიანებს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის მადლიერებით ვახსენებ მათ სახელს...
© Facebook / Aleksandre Narsiaალექსანდრე ნარსია
ალექსანდრე ნარსია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ალექსანდრე ნარსია
- როგორია შორიდან დანახული სამშობლო?
- ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა, რომ იქიდან წამოსვლა ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. ემიგრაციის სიმძიმე, რასაც სამშობლოს მონატრება ჰქვია, აქ ყველგან დაუსრულებლად მახლავს. აქედან ჩემი სამშობლო უფრო ლამაზი მოჩანს, თავისი შესაძლებლობებით, თუმცა მტკივა, რომ არიან ისეთები, ვისაც ის არ უყვარს და არ ცდილობენ უკეთესი გახადონ. აქედან დაჩაგრული ბავშვივითაც ჩანს, ლოყაზე ცრემლგადმოგორებული ბავშვივით, მაგრამ მჯერა, როცა გაიზრდება, ბედნიერი იქნება...
ყველა ახალი ამბავი
0