საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიული კვლევა
ლაბორატორიული კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ-ინფექცია/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ-ინფიცირების 347 შემთხვევა იყო დადასტურებული.
საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყარო ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია, მეორე ადგილზეა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, მესამეზე – ჰომოსექსუალური კონტაქტები.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 8.980 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 6.709 მამაკაცია და 2.271 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
ინფიცირებულებიდან შიდსი 4.441 პაციენტს განუვითარდა, აქედან 1.862 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 157 ადამიანი, 2021 წლის დასაწყისიდან – 41 პირი.
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2020
აივ-ინფექცია/შიდსი სასიკვდილო განაჩენი არაა – ყველაფერი, რაც ამ ვირუსზე უნდა ვიცოდეთ
ცენტრის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5.629 პაციენტი გადის, მათ შორის 45 მოზარდია.
შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0