მამაკაცი მოპარულ ცხენს საძინებელში მალავდა: ქურდი დაკავებულია

© Pixabay / kudybadorotaბედაური
ბედაური - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
ცხენის სავარაუდო ქურდობის ფაქტზე პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს, რომლებმაც დაინახეს, როგორ მივიდა მამაკაცი შინ ცხენით.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ კაროლინის პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც მოპარულ ცხენს საძინებელში მალავდა, იუწყება Unilad-ი.
​​გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა ქუჩაში ცხენზე ამხედრებული ჰარი ჩეიზ კობლი-უმცროსი დაინახეს, რომელმაც ცხოველი სახლში შეიყვანა. მათ იეჭვეს, რომ ცხენი შესაძლოა მოპარული ყოფილიყო და პოლიციას შეატყობინეს.  
ადგილზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს კარი არავინ გაუღო, ამიტომ ისინი კობლის მამას დაუკავშირდნენ. კაცმა პოლიციას უთხრა, რომ მისი შვილი დღის ამ მონაკვეთში, წესით, შინ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით მაინც მივიდა ადგილზე და წესრიგის დამცველებს კარი გაუღო.
​სახლში შესულმა პოლიციელებმა სასტუმრო ოთახში ცხენის ფუნა აღმოაჩინეს, საძინებელში კი, სადაც უმცროსი კობლი იყო ჩაკეტილი, ცხენიც იპოვეს.
„როდესაც კარი გაიღო, სწორედ იმ მომენტში დავინახე მოზრდილი ტანის ოთხფეხა ცხენი, რომელიც ოთახის შუაგულში იდგა“, — წერია ერთ-ერთი პოლიციელის ანგარიშში.
სამართალდამცველები ცხენის პატრონს დაუკავშირდნენ, რომლის თქმითაც, „ჯუბილის“ (ასე ერქვა ცხოველს) ფასი დაახლოებით 6,5 ათასი დოლარია. საბედნიეროდ, ცხოველს არაფერი დაშავებია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირე ჭრილობას წვივზე.
აღმოჩნდა, რომ ჰარი ჩეიზ კობლი-უმცროსი სხვა ბრალდებებითაც იძებნებოდა. ახლა მას კიდევ ერთი ბრალი შინაური პირუტყვის ქურდობის მუხლით წარედგინა და განაჩენს საკანში ელოდება.  
ყველა ახალი ამბავი
0