„ძალიან დიდი მოთხოვნაა მოსახლეობის მხრიდან“: რომელ ქუჩებზე ამოქმედდება ფასიანი პარკინგი

© photo: Sputnikფასიანი პარკინგი
ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის, პეკინის ქუჩებსა და ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.
 
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. თბილისის მერიამ კიდევ რამდენიმე ქუჩა შეარჩია, სადაც 1 სექტემბრიდან ზონალურ–საათობრივი პარკირებისთვის 700–ზე მეტი ადგილი გამოიყოფა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
1 აგვისტოდან ზონალურ–საათობრივი პარკირება ამოქმედდა გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დედაქალაქის მერის თქმით, პარკირების რეფორმა გრძელდება.
„თქვენ იცით, რომ საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩაზე უკვე მოქმედებს ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა, რომელსაც ახალი ქუჩები დაემატება. ესაა დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩები. აღნიშნულ სისტემას მთლიანობაში 702 საპარკინგე ადგილი დაემატება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, კონკრეტულ ქუჩებზე 1 სექტემბრამდე იქნება განთავსებული.
პარკირება ზემოხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 
ფასიანი ავტოსადგომი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემას ახალი უბნები ემატება
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება. მათ უფლება აქვთ, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა. ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის – კოტე აფხაზის ქუჩაზე, პეკინის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.

ყველა ახალი ამბავი
0