პარიზში მცხოვრები ქალბატონი და მისი დამსახურებები ქართული კულტურის წინაშე

© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა უცხოელ კოლექციონერთან ერთად
ირინა ძუცოვა უცხოელ კოლექციონერთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
„საქართველოს შვილები“ პირობითად ვუწოდეთ ჩვენს პერიოდულ რუბრიკას, რომლის საშუალებით იმ ღირსეულ ადამიანებს გაცნობთ, ვინც ჩვენს მიწაზე დაიბადა და მის მიმართ სიყვარული ქართული საქმეებით გამოხატა.
თბილისში დაბადებული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი, ხელოვნების დოქტორი და ჟურნალისტი ირინა ძუცოვა ერთი მათგანია. მას შეუძლია თამამად თქვას, რომ საქართველოს პატრიოტია. მასალაში შევეცდებით ქართულ კულტურაში მისი 50-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მის მიერ გაწეულ დამსახურებებზე გიამბოთ.
ქალბატონი ირინას ინიციატივით ოლღა რატიშვილმა (რომლის მამა პეტერბურგში, მეფის კარზე მუშაობდა) საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ქართველ მეფეთა ოჯახების ისტორიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები გადასცა. სხვადასხვა დროს იგი იკვლევდა სიონის ტაძრის მოხატულობას, მისი უშუალო დახმარებით მოხდა მხატვარ გეგელიძეების ნამუშევრების აღმოჩენა. 80-იან წლებში იკვლევდა კაფე „ქიმერიონში“, რომელიც რუსთაველის თეატრის სარდაფშია, გუდიაშვილის, კაკაბაძის და სხვა ხელოვანების უცნობ ისტორიებს. პარიზში მიაგნო ფიროსმანისა და მხატვარ ზდანევიჩის შეხვედრების 1913 წლით დათარიღებულ დღიურს, რომელიც მანამდე დაკარგულად ითვლებოდა. ასევე პარიზში, როდენის მუზეუმში ქართველ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეზე მასალები მოიპოვა და ისინი თბილისში ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს გადასცა.   
ამჟამად ირინა ძუცოვა ცხოვრობს პარიზში, ქალიშვილთან, ალდასთან ერთად, რომელიც მშობლების გზას მიჰყვება და თვლის, რომ საქართველო მისი სამშობლოა.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა
ირინა ძუცოვა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა
- ქალბატონო ირინა, იმ პერიოდში, როცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მუშაობდით, საქართველთვის მნიშვნელოვან ბევრ თემასა და პიროვნებასთან გქონდათ შეხება. დღეს რას გაიხსენებთ?
- როცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გამოფენები იმართებოდა, იქ როგორც გაზეთ Вечерний Тбилиси-ს ჟურნალისტი მივდიოდი და რედაქციას სტატიებს ვაწვდიდი. ამით მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგის ნატალია სასნოვსკაიას ყურადღება დავიმსახურე. მან მუზეუმის დირექტორთან, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილთან რეკომენდაცია გამიწია. სწორედ ბატონმა შალვამ შემომთავაზა მუზეუმში მემუშავა. მე დავთანხმდი, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ბიბლიოთეკარის სამუშაოსთან ერთად შემესრულებინა. როცა მუზეუმში დირექტორად თამაზ სანიკიძე დაგვინიშნეს, ახალი განყოფილება ჩამოვაყალიბე და მისი ხელმძღვანელი გავხდი. ამ განყოფილების კუთვნილება გახდა ჩემ მიერ მუზეუმის საცავებში აღმოჩენილი და სხვადასხვა ოჯახებში ნაპოვნი ბევრი უნიკალური მხატვრის ნამუშევარი.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaლადო გუდიაშვილთან ერთად
ლადო გუდიაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ლადო გუდიაშვილთან ერთად
- თქვენი სადისერტაციო ნაშრომი მიუძღვენით ქართულ ხატებს, რომლებიც მეტეხის მუზეუმში ინახებოდა და რომლებიც ფაქტობრივად განადგურებისგან გადაარჩინეთ, როგორ მოხდა ეს?
- დიახ, ჯერ კიდევ XVIII და XIX საუკუნიდან 320 ხატი ჯერ მეტეხის მუზეუმში და შემდეგ ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა. ამ ნამუშევრებს მრავალი წელი არავინ აქცევდა ყურადღებას. ერთხელ ჩვენი თანამშრომელი, გვარად აბრამიშვილი მომიყვა მათი არსებობის შესახებ და დავინტერესდი. როცა ადგილზე მივედი, ნახატები საცავიდან ჩემს განყოფილებაში გადმოვიტანე. ისინი სავალალო მდგომარეობაში იყო და ჩემი ინიციატივით მათ რესტავრაცია ჩაუტარდა. 1984 წელს ამ ნამუშევრების თემაზე დისერტაცია დავიცავი. ჩემი ხელმძღვანელი აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე გახლდათ. სწორედ მას მივუძღვენი ჩემი წიგნი „ხალხური მიმართულება XVIII–XIX საუკუნის ქართულ სადაზგო ფერწერაში“, რომელიც 2014 წელს გამოვეცი. ჩემი დახმარებით ამ თემის შეტანა საქართველოს კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვან ფაქტად მიმაჩნია, ისევე, როგორც გეგელიძეების მხატვართა დინასტიის აღმოჩენა.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა ერევანში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორთან და სომეხ და ქართველ კოლეგებთან ერთად
ირინა ძუცოვა ერევანში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორთან და სომეხ და ქართველ კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა ერევანში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორთან და სომეხ და ქართველ კოლეგებთან ერთად
- თქვენ პირველმა დაწერეთ ქართულ პრესაში კაფე „ქიმერიონზე“, რომელიც 1918-20 წლებში თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად ითვლებოდა...
- ეს მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-სამხატვრო სალონი გახლდათ. ის განლაგებული იყო რუსთაველის თეატრის სარდაფში. მისი დაარსების ინიციატორი ტიციან ტაბიძე იყო. სწორედ მან და პოეტმა პაოლო იაშვილმა შესთავაზეს რუს მხატვარს სერგეი სუდეიკინს მოეხატა იგი. მოხატვაში მონაწილეობა მიიღეს მხატვრებმა ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემაც. რევოლუციის შემდეგ „ქიმერიონის“ კედლები თეთრი საღებავით დაფარეს. ნახატების ფრაგმენტები მხოლოდ 70-იან წლებში, თეატრის რემონტის დროს აღმოაჩინეს. როცა ეს გავიგე, ადგილზე მივდიოდი და სარესტავრაციო სამუშაოებს თითქმის ყოველდღე თვალს ვადევნებდი. პარალელურად „ქიმერიონზე“ ინფორმაციას ვაგროვებდი. ბევრი რამ ლადო გუდიაშვილმა და ტიციან ტაბიძის ქალიშვილმა მიამბეს. მათი ნაამბობი დაედო საფუძვლად ჩემს სტატიას, რომელიც ჩვენს ქალაქში არსებულ ამ ღირსშესანიშნავ ადგილს პირველად მიეძღვნა.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaსტუმრად სერგო ფარაჯანოვთან
სტუმრად სერგო ფარაჯანოვთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სტუმრად სერგო ფარაჯანოვთან
- პარიზში მოგზაურობის დროს ფიროსმანთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დოკუმენტს როგორ მიაგენით?
- პარიზში მოგზაურობა ჩემთვის დიდი მოვლენა იყო, რადგან იქ მხატვარ ილია ზდანევიჩის ქვრივის არქივში ნიკო ფიროსმანაშვილთან 1913 წლით დათარიღებული მიმოწერა აღმოვაჩინე, რომელიც მრავალი წელი დაკარგულად ითვლებოდა. მაშინ ჩემი თხოვნით მხატვრის ქვრივმა ელენე ზდანევიჩ-დუარმა სხვა დოკუმენტებთან ერთად ისინი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს უსაჩუქრა. 1989 წელს თბილისში ჩემ მიერ მომზადებული გამოფენა „ძმები ზდანევიჩები" გაიხსნა. ილია ზდანევიჩის რვეული ფიროსმანის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფაქტების პირველი უნიკალური დოკუმენტია. მასში დაფიქსირებულია, რომ მხატვარი 1863 წლის იანვრის ბოლო რიცხვებშია დაბადებული. ამ რვეულის ტექსტები ასევე პირველად 2013 წელს თბილისში ჩემს წიგნში „ფიროსმანი... ფიროსმანი" გამოქვეყნდა. 
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა სტუმრად ილია ზდანევიჩის ქვრივთან
ირინა ძუცოვა სტუმრად ილია ზდანევიჩის ქვრივთან - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა სტუმრად ილია ზდანევიჩის ქვრივთან
- მომავალ მეუღლესაც თბილისში შეხვდით?
- ჩემი მომავალი მეუღლე კონტანტინე ენგოიანი თბილისში დაიბადა და სკოლაც იქ დაამთავრა. ის გაზეთ Вечерний Тбилиси-ს რედაქციაში გავიცანი, სადაც საერთაშორისო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მოსკოვში ჰქონდა დამთავრებული პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО), მეორე დიპლომი ფრანგულ ენაში დაიცვა. რადგან საქართველო უყვარდა, თბილისში დაბრუნდა და გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ დაიწყო კორესპონდენტად მუშაობა. თბილისში გამოაქვეყნა ასობით სტატია და ფელეტონი, ფრანგულ ენაზე თარგმნა ორი რომანი. 1999 წელს გარდაიცვალა. საოცრად თბილი, იუმორით სავსე ადამიანი იყო და თბილისი და საქართველო უზომოდ უყვარდა.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaალდა ენგოიანი
ალდა ენგოიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ალდა ენგოიანი
- ალბათ მამის გავლენა იყო, რომ ფრანგული ენა თქვენმა ქალიშვილმა ალდამაც კარგად იცის. მოგვიყევით მასზე, რამდენადაც ვიცი, მშობლების მსგავსად მანაც საინტერესო შემოქმედებითი გზა გაიარა...
- ალდაც თბილისში დაიბადა და გაიზარდა, უცხო ენების ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით, ასევე ხელოვნებათმცოდნეობა და სინქრონული თარგმანის კურსებიც. ნანა ჯორჯაძის ფილმზე და ოთარ იოსელიანთან თარჯიმნად მუშაობდა. ალდას ბავშვობიდან იტაცებდა ხატვა, დაინტერესებულია საქართველოში მყოფი ფრანგების თემით. მან XII საუკუნიდან მოყოლებული დიდი მასალა შეკრიბა და ამ თემაზე წიგნის გამოშვებას აპირებს. პარიზში 1999 წლიდან ცხოვრობს. მან ასევე დაამთავრა პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პარიზის სოციალური მეცნიერების უმაღლეს სკოლაში ეკონომიკის დარგში საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები დაიცვა. ოც წელზე მეტია მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიაში პროექტების ხელმძღვანელად მუშაობს. პარალელურად ფრანგული ყოველკვირეული გაზეთისთვის „საერთაშორისო კურიერი“ სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების საკითხებზე სტატიებს აქვეყნებს.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა მსახიობ ევგენი ლეონოვთან და კოლეგებთან ერთად
ირინა ძუცოვა მსახიობ ევგენი ლეონოვთან და კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა მსახიობ ევგენი ლეონოვთან და კოლეგებთან ერთად
- ვიცი, რომ ამჟამად თქვენი ქალიშვილი წერს წიგნს „ფრანგები საქართველოში“. ჩვენთვის ცნობილი დიუმასა და შარდენის გარდა საქართველოში ჩამოსული ხელოვანი ფრანგები თუ აღმოაჩინა?
- დიახ, აღმოაჩინა. ესენი არიან ფრანგი მხატვრები: ჟან-პიერ მუანე, დესენდე ჟუენი, ლე კამიუ დერბეზი, აბატი იოსებ დე ლა პორტი, ასევე ანა დანსე, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის გუვერნანტკა იყო და ლეკებმა მის ოჯახთან ერთად მოიტაცეს. ასევე მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან კავშირი ჰქონდა მწერალ ედუარდ გენრიხ კასტელლას, დიპლომატსა და ისტორიკოსს, ალექსანდრე დე სენ პრის, ტიფლისში საფრანგეთის საკონსულოს მდივანს ვიქტორ ლეტიელის, კონსულს ბარონ ფინოს და სხვებს.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა გიორგი შენგელაიასთან და კოლეგებთან ერთად
ირინა ძუცოვა გიორგი შენგელაიასთან და კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა გიორგი შენგელაიასთან და კოლეგებთან ერთად
- როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, პარიზშიც გათბობთ?
- ჩემი ბავშვობა რთულ დროს დაემთხვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლები ძალიან მძიმე იყო. 1942 წელს მამაჩემი ფრონტზე მოხალისედ წავიდა და მარუხის უღელტეხილზე ბრძოლაში გმირულად დაეცა. ჩვენ მის ხსოვნას ყოველთვის ვინახავდით. მიუხედავად ამისა, მაინც მადლიერებით ვიხსენებ ბავშვობას, საბავშვო ბაღს, შესანიშნავ მასწავლებლებს. ტკბილად მახსენდება საშუალო სკოლა, კლასელები, ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, ბატონი ილია წულაძე, რომელთანაც ვმეგობრობდით. დედაჩემი, გარეგნობით ულამაზესი ქალი, განათლებით გეოლოგი იყო, თუმცა სპეციალობით არ მუშაობდა. ის „დინამო“ სტადიონის კადრების განყოფილების უფროსი იყო. მე „დინამოს“ ფეხბურთელების მთელი ლეგენდარული გუნდი მიცნობდა. სკოლის მერე სწავლა თბილისის პუშკინის სახლობის ინსტიტუტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ძალიან მეგობრული კურსი მყავდა. ჩემი მოხსენებებით მუდმივად ვმონაწილეობდი სტუდენტურ კონფერენციებში. მაგ დროს ისტორიით, განსაკუთრებით, საქართველოს ისტორიით ვიყავი დაინტერესებული. მოგვიანებით თითქმის ყველა საერთაშორისო სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე ვაშუქებდი ქართული ხელოვნებისა და კულტურის თემებს. საფრანგეთში ყოფნის დროს ქართულ ხელოვნებაზე დაწერილი ათი წიგნი გამოვეცი და ისინი ჩვენს საჯარო ბიბილიოთეკას გადავეცი.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოვა სტუმრად ქართველ ჟურნალისტ ნანა ღონღაძესთან 1980 წელს
ირინა ძუცოვა სტუმრად ქართველ ჟურნალისტ ნანა ღონღაძესთან 1980 წელს - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოვა სტუმრად ქართველ ჟურნალისტ ნანა ღონღაძესთან 1980 წელს
- რამდენადაც ვიცი, თბილისში ნაცნობების საინტერესო წრე გყავდათ, მეგობრობდით ბაბო დადიანთან, მერაბ მამარდაშვილთან, ელდარ და გიორგი შენგელაიებთან, სერგო ფარაჯანოვთან, ბელა ახმადულინასთან, ავთო ვარაზთან, ოთარ იოსელიანთან, ტიციან ტაბიძის ქალიშვილთან ნიტასთან, ელენე ახვლედიანთან, უჩა ჯაფარიძესთან და ბევრ სხვასთან. რა მოგცათ იმ ხალხთან ურთერთობამ?
- ამ დიდებულ, გენიალურ ადამიანებთან ურთიერთობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, შეხედულებები და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება. მათ დამავიწყეს ყოველდღიურობა, შთაგონება შემატეს ჩემს სულს და ხელოვნებასა და შემოქმედებაში ჩამაბეს. ჩამომაცილეს ყოველგვარ ბანალურსა და უღირსს, ბიძგი მომცეს, რომ მეტი მეშრომა და უფრო მეტი სასარგებლო საქმე გამეკეთებინა. ახლახან დავწერე სტატია, რომელიც ამ ცნობილ დიდებულებს და უცნობებს მივუძღვენი.
© photo: courtesy of Irina Dzutsovaოთარ იოსელიანთან ერთად
ოთარ იოსელიანთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ოთარ იოსელიანთან ერთად
- თქვენ ხართ ავტორი წიგნისა „სიმბოლები ფარაჯანოვის ფილმში „ბროწეულის ფერი“...
- სერგო ფარაჯანოვი გავიცანი 1967 წელს, მხატვრული ფილმის „ბროწეულის ფერის" („საიათ-ნოვა“) გადაღების დროს. მაშინ სტატია შემიკვეთა სომხურმა გაზეთმა „სოვეტაკან ვრასტანმა". სხვათა შორის, ჩემი სტატია ფილმზე „ბროწეულის ფერი” პირველი იყო საბჭოთა პრესაში. მან შეხვედრისთანავე მომმართა თხოვნით, რომ ფილმის ეპიზოდში მიმეღო მონაწილეობა. მე დავთანხმდი მხოლოდ ერთ სცენაზე, რომელშიც მსახიობი გოგი გეგეჭკორი მონაწილეობს. ამის მერე ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა და მისი თბილისური ბინის ხშირი სტუმარი გავხდი. ის ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო, თბილად ექცეოდა ჩემს გოგონას, ალდას, რომლის ნახატები ძალიან მოსწონდა. ჩემი დისერტაციის დაცვაზე დიდი პათოსით წარმოთქვა სიტყვა, მე კი, როდესაც თბილისის სასამართლოში ასამართლებდნენ, მისი დაცვა ვცადე...
© photo: courtesy of Irina Dzutsovaირინა ძუცოცა და სერგო ფარაჯანოვი
ირინა ძუცოცა და სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირინა ძუცოცა და სერგო ფარაჯანოვი
- ალბათ არაერთი საინტერესო შეხვედრის მოწმე ხართ...
- ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამ დიდი რეჟისორის მოგონებები ჩამეწერა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან მასთან მუდმივად იყვნენ სტუმრები. მისი სახლი ხომ ყველასთვის ღია იყო... მახსოვს, ერთხელ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, პოეტმა ბელა ახმადულინამ, მისმა მეუღლემ, მხატვარმა ბორის მესერერმა და მსახიობმა დოდო აბაშიძემ სერგოს აგარაკზე, ძალისში დაუვიწყარი დრო გაატარეს. ბელა თავის ლექსებს კითხულობდა, ჩვენ კინოზე, თეატრსა და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით. მიჭირს მასზე საუბარი, იმდენად მრავალფეროვანი პიროვნება იყო ცხოვრებასა და ხელოვნებაში. ბუნებით თავისუფალ ადამიანს უშრეტი ფანტაზია ჰქონდა. თაყვანს სცემდა სოფიკო ჭიაურელს და ელენე ახვლედიანს. ყოველთვის ღიად, დაუმალავად ცხოვრობდა. მე შენახული მაქვს ციხიდან გამოგზავნილი მისი წერილები...
© photo: courtesy of Irina Dzutsovaსერგო ფარაჯანოვთან ერთად
სერგო ფარაჯანოვთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სერგო ფარაჯანოვთან ერთად
- როგორც ვხედავ, იშვიათი და გამორჩეული ცხოვრება განვლეთ. ყველაფერი აგისრულდათ, რაზეც ოცნებობდით?
- ჩემი მთავარი ოცნება, შეიძლება ითქვას, ასრულდა, მყავს შესანიშნავი ქალიშვილი და ჩვენ, გარდა იმისა, რომ დედა-შვილი ვართ, ერთმანეთს კარგ მეგობრობასაც ვუწევთ. არ ასრულდა ჩემი სხვა ოცნება – პარიზში არ დამიბეჭდეს წიგნი „საქართველოს XVIII–XIX საუკუნის სადაზგო პორტრეტი“. ამჟამად ვამზადებ, რომ თბილისში გამოვცე, თუმცა შეიძლებოდა, რომ ის ჯერ კიდევ 1980 წელს გამოცემულიყო. მაშინ გარკვეულმა სიტუაციებმა შემიშალა ხელი, რაზეც საუბარი არ მსურს...
- როგორ მოჩანს პარიზიდან დღევანდელი საქართველო და ქართველები?
- საქართველო მე და ჩემს ქალიშვილ ალდას სულ სხვანაირად გვახსენდება. ვიცი, რომ თბილისიც შეიცვალა, იქ ახლა სულ სხვა ხალხი ცხოვრობს, ძალიან განვიცდი იმას, თუ რას შექმნიან ახალი თაობის ქართველები, რას გააკეთებენ ისინი ჩვენი ტრადიციების შესანარჩუნებლად. ასევე განცდები მაქვს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო წლები სავალალო მდგომარეობაშია. იქ ძველი თანამშრომლებისგან თითქმის აღარავინ დარჩა. არ მესმის, როგორ შეიძლება ასე უყურადღებოდ დარჩეს ქართული კულტურის ეს კერა, სადაც მრავალი უნიკალური ნაწარმოებია შენახული, მათ შორის ჩემი საყვარელი ფიროსმანიც?! ხშირად ვიხსენებ ადამიანურ ურთიერთობებს, სტუმართმოყვარეობას, კულტურას და, რასაკვირველია, შესანიშნავ ქართულ სამზარეულოს, რაც საფრანგეთში არ არის. მენატრება სამშობლო, ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს ძველი თბილისი, მის ქუჩებში მარტოდმარტო ხეტიალი, ძველი წიგნების კითხვა ჩვენს ქალაქზე და მის შესანიშნავ ადამიანებზე წერა...
 
ყველა ახალი ამბავი
0