რამ უწამლა ლარს? ანუ რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
სავალუტო ბაზარზე ათ დღეში შეცვლილი რეალობა, ეროვნული ვალუტის გარბენი ფსკერიდან მაღლა – ლარის გამყარების ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები.

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში ეროვნული ვალუტის ვარდობისთვის თავგადასავალს გიამბობთ. საამისო მიზეზი ნამდვილად არსებობს − მიმანიშნებს მკითხველი და მართალიც იქნება. მაისის თვის პირველ ნახევარში სავალუტო ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა. კერძოდ, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 3.42-3.45 ლარის ფარგლებში მერყეობდა და ისეთი პირი უჩანდა, ეროვნული ვალუტა ზაფხულს, საუკეთესო შემთხვევაში, ამ ნიშნულზე შეხვდებოდა. პესიმისტური პროგნოზებიც კეთდებოდა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა და 1 ამერიკული დოლარის ფასი 4.00 ლარს მიუახლოვდებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა. არადა, მოვლენები სწორედ ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
ბიუჯეტში გარღვევაა?!.. ანუ კიბეებზე დასაწევი ამბავი...

მაისის თვის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, რამდენიმე დღეში ამერიკული დოლარის მიმართ ლარი 11,3 პუნქტით გამყარდა. კი, მართალია, მიმდინარე კვირა ეროვნულმა ვალუტამ მცირედი გაუფასურებით დაიწყო, თუმცა მეორე დღეს ლარი კვლავ გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. საინტერესოა, რა განაპირობებს ეროვნული ვალუტის გამყარებას და როგორია ლარის მოკლე თუ საშუალოვადიანი პერსპექტივა?

პირველ რიგში ხელისუფლების მოსაზრებას შემოგთავაზებთ. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ეროვნული ვალუტის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობის, განსკუთრებით კი ტურიზმის სექტორის აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა. ამასთან ერთად გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი. ლოგიკურია, რომ ყველა ეს ფაქტორი ლარის კურსზე პოზიტიურად აისახა“, − განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრმა ინფლაციურ პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაციის ტარგეტირება, მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა და ეს უწყება ამ მიმართულებით ნაბიჯებს აქტიურად გადადგამს, რაც თავის მხრივ ფასების დონეზეც აისახება და მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირდება.

SOCAR - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
რატომ ძვირდება ბენზინი და რა არის შესაძლო ბოლო ნიშნული?

დარწმუნებული ვარ, დაკვირვებული მკითხველი მარტივად შეამჩნევდა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დროში COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, კომენდანტის საათის გადაწევასა და რესტორნებისთვის ღია სივრცეში უკვე შაბათ-კვირასაც მუშაობის უფლების მიცემას დაემთხვა. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დრო ორი საათით გაუხანგრძლივდათ. გაჩნდა ტურისტების დამატებითი ნაკადის შემოსვლის მოლოდინიც. ერთი სიტყვით, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გამოიკვეთა.

„უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია, ლარზე პოზიტიურად ზემოქმედებს ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდის დინამიკა. ექსპორტი გაზრდილია არა მხოლოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ პანდემიის წინა პერიოდთან შედარებითაც. ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკა უცხოური ვალუტის შემოდინებასთანაა დაკავშირებული და, ბუნებრივია, ეს ლარის კურსზე დადებითად აისახა. ლარის კურსზე ასევე პოზიტიურად იმოქმედა ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ. ასეთი ტენდენციით ეროვნული ვალუტის კურსი კიდევ უფრო გამყარდება და, შესაძლოა, 3,00 ნიშნულამდე დავიდეს. ბუნებრივია, ლარის გამყარების უკვე არსებული მაჩვენებელი ფასებსა და ინფლაციაზეც პოზიტურად უნდა აისახოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, ეკონომიკა რეცესიიდან სწრაფი ტემპით გამოდის. წლის დასაწყისში ქვეყანას ეკონომიკის საკმაოდ დიდი ვარდნა ჰქონდა, ხოლო მარტში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა. მართალია, საშუალო წლიური მაჩვენებელი უარყოფითია, მაგრამ ექსპორტის მზარდ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მაისში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელიც დადებითი ექნება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიიდან ასე სწრაფად გამოდის, ანტიკრიზისული პროგრამის, ანუ იმ ღონისძიებების პოზიტიური შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელდებდა.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
რა „სარგებლობა“ მოაქვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ხელი შუწყო სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესებამ, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3 პროცენტით შემცირდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3,02 პროცენტით მეტია. ანალიტიკოსთა კიდევ ერთი ნაწილი მიანიშნებს, რომ შედეგი გამოიღო ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამაც. „რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტით – 9,5 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეფინანსირების სესხების მოცულობამ მკვეთრად იკლო და თებერვლიდან დღემდე 1,1–1,4 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობს. წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,7–3,3 მილიარდი ლარი იყო. რეფინანსირების სესხების ეს შემცირება მთავრობის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის საკრედიტო რესურსების მზარდმა მიწოდებამ განაპირობა. ანუ ეროვნული ბანკის რესურსები მთავრობის რესურსებმა ჩაანაცვლა, რაც ფისკალური არხებით „იაფი ფულის“ პოლიტიკის წარმოებას უწყობს ხელს“, − აცხადებს ანალიტიკოსი დავით გონდაური.

ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

ანალიტიკოსთა ნაწილი ლარის გამყარების მიზეზად არა მხოლოდ ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს, გააქტიურებულ ავიამიმოსვლასა და უცხოელი ტურისტების გაზრდილ ნაკადს ასახელებს, არამედ აცხადებს, რომ არსებობს სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რაც მეტ-ნაკლებად წარმატებულ ვაქცინაციას უკავშირდება.

„ბოლო დროს ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, ნდობის ხარისხი გაიზარდა. საზოგადოებაში გაჩნდა მომავლისადმი პოზიტიური განწყობა. ამას დაემატა ეკონომიკის მეტ-ნაკლებად გახსნაც და ისიც, რომ საზოგადოებამ, ასე თუ ისე, ისწავლა კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება − პირბადით, დისტანცირებითა და სხვადასხვა შეზღუდვებით. ამ ფონზე რესტორნები და სასტუმროებიც გაიხსნა, ანუ დაიწყო ეკონომიკის ყველა იმ დარგის აღდგენა, რომელიც COVID-19-ის პანდემიამდე ქვეყნის ეკონომიკისთვის განმსაზღვრელი იყო. ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში გამოიწვია პოზიტიური განწყობის შექმნა, რომელიც შესაბამისად ლარის კურსზე აისახა. სახეზეა როგორც ეკონომიკური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მოქმედება“, – აცხადებს ანალიტიკოსი ლადო პაპავა.

თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

ერთი სიტყვით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითად ფაქტორებად ანალიტიკოსები ასახელებენ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ პარამეტრებს და ოპტიმისტურ მოლოდინს, რაც, მათივე თქმით, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგია. ანუ ეკონომიკა თანდათან ამუშავდა და პესიმიზმი ოპტიმიზმმა ჩაანაცვლა. თუ ამ ვერსიას გავიზიარებთ, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეროვნულ ვალუტას მკვეთრი გაუფასურება აღარ ემუქრება. ამ სენტენციას ისიც ამყარებს, რომ 1 ივნისიდან კოვიდ-რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამარტივება და სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, რამაც ეკონომიკის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. მარტივი ფორმულაა − გაზრდილი ეკონომიკა მეტ სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს...

ყველა ახალი ამბავი
0