დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

© photo: Sputnik / Stringerქართული დროშა
ქართული დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თარიღთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს, გამოფინონ საქართველოს დროშები საკუთარ საცხოვრებლებზე.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 

ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.

„საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ მოქმედ დროშას ძალიან დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დროშა გახლავთ... ამ დროშაზე თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით გამოსახულია მაცხოვარი და ოთხი აპოსტილი, რომელიც ქვეყნიერებას ამცნობს მის მოვლინებას დედამიწაზე. ეს არის მისი ჰერალდიკური, მეცნიერული განმარტება“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ.

მისი თქმით, დროშაზე მუშაობა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო სახელმწიფო კომისიამ. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ისტორიული სიმბოლოების, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშის აღდგენას ითვალისწინებდა. საბოლოო სახე დროშამ 2004 წელს მიიღო, ხოლო 2017 წელს ის განმტკიცდა კონსტიტუციის მიხედვით. 

გამომდინარე პანდემიური შეზღუდვებიდან, წელს სახელმწიფო დროშის დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. 

ამასთან, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს მათაც გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0