გელათის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება

© photo: Sputnik / Besik Pipiaგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაცული იქნება ტაძრის კედლის მხატვრობა და აღარ იქნება ინტერიერში წყლის ჩადინების საშიშროება.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი თუნუქის მყარი სახურავით დაიფარება, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პრევენციულ ღონისძიებებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია – „იკორთა 2007“ ახორციელებენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გელათის სამონასტრო კომპლექსში გარემო პირობების კონტროლის სენსორები დაამონტაჟეს

„ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის ღონისძიებებმა უკვე მოიცვა არქიტექტურული ნაგებობის სხვა კრიტიკული სეგმენტები, რომლის ფარგლებში მყარი სახურავით დაიფარა გუმბათის ყელთან მკლავების შეერთების ადგილები, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად იქნება დაცული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობა და ზამთრის სეზონის განმავლობაში აღარ მოხდება ინტერიერში წყლის ჩადინება.

„გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი სახურავი ნაგებობის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის ახალი კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

2020 წლის ზამთარში ყინვის შედეგად გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გადახურვა, კერძოდ, თეთრი კერამიკით დამზადებული მოჭიქული კრამიტი დაზიანდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში ტაძრის დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდნენ აშშ-ის საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0