საეკლესიო კალენდარი: 18 ოქტომბერი

გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა  და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. 

სამება - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 17 ოქტომბერი

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს.  გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი  ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის  მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება გრიგოლის და მისი მოწაფეების ხელით.  ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: საკვირველია ჩვენი წარსული, აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის. 

სამება - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 16 ოქტომბერი

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი

ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ
და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. 

ჯვარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 15 ოქტომბერი

„ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი).

იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...

წმიდა მოწამე ხარიტინა

წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს გაეშვა.  

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები იკლავენ თავს - ეს ბოროტი სულის გავლენაა

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. 

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
დღეს მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება

იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0