საეკლესიო კალენდარი: 17 ოქტომბერი

გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე  ევდემოზ კათოლიკოსის, მღვდელმოწამე  იეროთეოსის, ათენელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელის, მოწამეთა: დომნინას, მის  ასულთა, ღირსი ამონის, ღირსი პავლეს, მოწამეთა დავიკტის და მისი  ასულის კალისთენიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი

წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ - დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა.

როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“,

ერის სულიერ მამას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.
მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.
შეთქმულება გაიცა - ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.
წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.
გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა.
როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია - მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.
ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს,

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.

 მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი

მღვდელმოწამე პეტრე, კაპეტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპეტოლიიდან (ქალაქი იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ფერფლი კი წყალს გაატანეს. ეს მოხდა III საუკუნის დასასრულს ან IV საუკუნის დასაწყისში.

წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია 

წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) ანტიოქიელები იყვნენ. ისინი სირიაში აღესრულნენ მოწამეობრივად 305-306 წლებში.

ღირსი ამონი

ღირსი ამონი, მონაზონთა წოდების ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ეგვიპტეში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მასზე ზრუნვა ბიძამ იტვირთა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა. წმიდანი ბიძის სურვილითვე დაქორწინდა, მაგრამ, ქალწულებრივი ცხოვრების მოსურნემ, ცოლი უბიწოების დამარხვაზე დაიყოლია. მეუღლეებმა თითქმის ორი ათეული წელი იღვაწეს ფარული ქალწულებრივი სიწმინდით, მარხვით, ლოცვითა და შრომით, შემდეგ კი, ცალ-ცალკე განაგრძეს მოღვაწეობა. ამონის მეუღლე სახლში დარჩა და აქ დედათა სავანე მოაწყო, თავად ამონმა კი ნიტრიის უდაბნოს მიაშურა, სადაც 22 წელი დაჰყო, სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სასწაულთქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა.

ღირსი პავლე

ღირსი პავლე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან - იოანე ნათლისმცემელს და ხანაც - პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომ „უბრალო“ შეარქვეს.

წმიდა მოწამე დავიქტი  და ასული მისი კალისთენია

წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც დავიქტი ქალაქის თავი იყო. ღვთისმოშიშმა მამამ არ ისურვა, თავისი ქალიშვილი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმინესთვის (305-313) მიეთხოვებინა, რისთვისაც იგი ქალაქ მელიტინში (სომხეთი) გადაასახლეს და თავი მოჰკვეთეს (+305-313). წმიდა კალისთენია მშვიდობით მიიცვალა ეფესოში დაახლოებით 318 წელს

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0